ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან ეკონომიის მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაისჯება ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება.
”გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადი. რა თქმა უნდა დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება. რაც მთავარია ახლა უნდა მივხედოთ მდგომარეობას, რომელიც ადგილზეა. ეს არის ტექნოლოგიური კატასტროფა და კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო თანადგომა თითეულ ტყიბულელსა და მეშახტეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, ტყიბულში მუშათა სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდიანრეობს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ადამიანი უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, ფეისბუკზე წერს, რომ, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო 4 მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა.
რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავას ცნობით, სიმაღლე 400 მეტრია. ლეჟავა ვარაუდობს, რომ მუშები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოეხმაურა ტყიბულში, ოთხი მუშის დაღუპვის სავარაუდო ფაქტს.
“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”- წერს უჩა ნანუაშვილი.