ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი ახლობელი იყო ერთ-ერთი, ვის მოვთხოვო პასუხი, მათ შვილებს თქვენ დააწყნარებთ?”

“მათ შვილებს თქვენ დააწყნარებთ? ჩემი ახლობელი იყო ერთ-ერთი, ერთად ვიზრდებოდით. რა ვქნა, ვის მოვთხოვო პასუხი, ვინ ხართ საერთოდ?! ჩემი სისხლები და ჩემი ძმაკაცები იყვნენ ეგენი. ბევრჯერ დაარბიეთ, როცა ითხოვდნენ შრომის უსაფრთხოებას, თქვენ შეუშალეთ ხელი” – ასე მიმართა პოლიციას პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ. როგორც ის ამბობს, ის 4 მუშა, რომელიც ტყიბულში სიმაღლიდან გადმოვარდნენ, მისი ახლობლები იყვნენ.

პარლამენტის წინ მოქალაქეები ტყიბულში, მინდელის მაღაროში 4 მეშახტის დაღუპვას აპროტესტებენ. აქცია სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით იმართება, მონაწილეები შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ.

პარლამენტის წინ მდგომარეობა დაიძაბა, აქციის 2 მონაწილე პოლიციამ უკვე დააკავა. ისინი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ტყიბულში მუშების დაღუპვას ოფიციალურად არ ადასტურებენ, რადგან მათი სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდიანრეობს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ადამიანი უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, ფეისბუკზე წერს, რომ, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო 4 მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა.
რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავას ცნობით, სიმაღლე 400 მეტრია. ლეჟავა ვარაუდობს, რომ მუშები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოეხმაურა ტყიბულში, ოთხი მუშის დაღუპვის სავარაუდო ფაქტს.

“ვინც ეწინააღმდეგება ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”- წერს უჩა ნანუაშვილი.

იტვირთბა....