შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ე.წ. „ღამის მგლების“ წევრების შემოსვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა „ღამის მგლების“ ორგანიზებულ ჯგუფებს.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის. აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს „ღამის მგლების“ არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ. პოლიციის მოქმედებების შედეგად, „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში, მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს“, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში