ახალი ამბები ვიდეო მთავარი

არიან თუ არა ღამის მგლები საქართველოში: შსს-ს კომენტარი

https://www.youtube.com/watch?v=jEbEktBi1Do

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გურიაში კლუბ „ღამის მგლების“ წევრი ბაიკერები გადაადგილდებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ რუსი ბაიკერები გურიის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ, არასწორი მანევრირებისთვის გააჩერა, თუმცა ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. მათ „ღამის მგლების“ ატრიბუტიკა არ ჰქონიათ.

გურიაში ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერების ყოფნის დამადასტურებელი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა გაავრცელა. აღნიშნული ვიდეოს შესახებ უწყებაში ინფორმაცია არა აქვთ.

მათი თქმით, საქართველოში ბაიკერები არიან თუმცა ისინი კლუბ “ღამის მგლების” წევრები არ არიან. შსს-ში ამბობენ, რომ საქართველოში ტურისტები შემოდიან და მათთვის “ღამის მგლების”  წევრობის დაბრალება არ შეიძლება.

თუმცა გავრცელებულ  კადრებში ჩანს, რომ ბაიკერებს მოტოციკლზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტები აქვთ დამაგრებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ რუს ბაიკერებს გეორგიევსკის ლენტები ჩამოართვეს და დაწვეს.

„ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ რუსი ბაიკერები მანამდე პატრულმა გააჩერა, საბუთები შეუმოწმა და გაატარა.

„გზაში შემოგვხვდა ორი ბაიკერი, ჩვენთვის ნაცნობი ნიშნებით – ცეცხლოვან ფონზე მგლის სახით. ე.წ. გეორგიევსკის ლენტები ჰქონდათ მოტოციკლზე დაკრული. პატრული ესაუბრებოდა, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ხელი ჩამოართვეს, გაუშვეს. ჩვენ გავაჩერეთ ეს ბიჭები, ავუხსენით, რომ ეს იყო ჩვენთვის მტრის სიმბოლიკა, მოვუხსენით, დაწვაც ვცადეთ და შემდეგ, ნაგვის ურნაში ჩავუშვით“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ბესიკ ქათამაძემ.

კლუბ „ღამის მგლების“ 50-მდე წევრს საქართველოში შემოსვლის მცდელობა რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა მათ საზღვრის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს.

 

იტვირთბა....