ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ დგას ე.წ ციანიდის საქმის უკან: როგორი ჩვენება მისცა შორენა თეთრუაშვილმა

პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი დარწმუნებულია, რომ ციანიდით არა მისი, არამედ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თეთრუაშვილის მეგობარი და საპატრიარქოსთან დაახლოებული პერსონა, ნანა კაკაბაძე საუბრობს.

კაკაბაძეს ჩვენ ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბრეთ. მათ შორის დავინტერესდით რას პასუხობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ბრალდებას, რომელმაც კაკაბაძეს „მხედრიონთან“ კავშირი შეახსენა.
ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მეუფე პეტრე სინოდის წინააღმდეგ მოქმედებს, რაც, მისი აზრით, შესაძლოა, მიტროპოლიტის განკვეთის საფუძველი გახდეს. გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ ციანიდის საქმის კვალი ყოფილ ხელისუფლებასთან მიდის.

– ქალბატონო ნანა, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ სოსო ოხანაშვილის შესახებ, რომელმაც მოულოდნელად ქვეყანა დატოვა და გერმანიაში გადაბარგდა… როგორ ფიქრობთ, რატომ?

– სოსო ოხანაშვილის ოჯახი, უფრო სწორედ მეუფე დიმიტრის ოჯახი ჩემთვის ძალიან ახლობელია და მიჭირს ამ თემაზე საუბარი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამდე პატრიარქს არანაირი დაცვა არ ჰყოლია. მას მხოლოდ ერთი პიროვნება ახლდა ხოლმე, სახელად შოთა, რომელიც გადაადგილებაში ეხმარებოდა. სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ გადაწყდა, რომ პატრიარქს დაცვა დანიშვნოდა, თუმცა რეალურად ეს არანაირი დაცვა არ იყო, აქ უფრო საუბარი იყო მისი უწმინდესობის მაქსიმალურ კონტროლზე. ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია საპატრიარქოში შემსვლელ-გამომსვლელთა შესახებ და იქ მიმდინარე პროცესებზე. სოსო თოფურიძე იყო პირველი, რომელმაც საპატრიარქოს უთხრა, რომ მის უწმინდესობას დაცვა დანიშვნოდა.
– ანუ სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში თოფურიძის ინიციატივით დაინიშნა?
– აქ მხოლოდ ოხანაშვილზე არ არის საუბარი. ფაქტია, რომ მთლიანად დაცვის სამსახურის დანიშვნის ინიციატივა მოდიოდა კუდ-იდან. მაშინ ოხანაშვილი ჯერ კიდევ არ იყო მეუფე დიმიტრის სიძე. მიტროპოლიტის ქალიშვილზე მან მოგვიანებით იქორწინა. საპატრიარქოში გავლენები მისცეს, ასევე, ტარას შავიშვილს, რომელიც გახლდათ ახალაიების პირდაპირი წარმომადგენელი. გახსოვთ, ალბათ, რომ სკოლის დირექტორობის დროს მან მოსწავლე დააჭერინა და განათლების სამინისტროში რას აკეთებდა, ეს კიდევ ცალკე თემაა. ეს ადამიანი აღმოჩნდა ანალიტიკური სამსახურის უფროსი საქართველოს საპატრიარქოში.
– რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას პატრიარქის გაკონტროლება?
– ნაციონალებს დისკომფორტს უქმნიდათ პატრიარქი და მისი ავტორიტეტი. სწორედ ილია მეორის დამსახურებაა, რომ დღეს ერთიანი საქართველო მხოლოდ ეკლესიის წიაღში არსებობს. ის ეკლესიები, რომელიც მოქმედებს ცხინვალსა და აფხაზეთში, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ეს სწორედ მისი უწმინდესობის დამსახურებაა. ბუნებრივია, მიშას ეს ფაქტორიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. მინდა გითხრათ, რომ აქამდეც არაერთი მცდელობა ყოფილა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფისა. პირველად ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ცეცხლი წაუკიდეს საპატრიარქოს, ილია მეორე იქ ეგულებოდათ, მაგრამ ღვთის მადლით პატრიარქი შენობაში არ აღმოჩნდა. ამ საქმის გამოძიება არ მომხდარა და პასუხიც არავის უგია. ამის შემდეგ სულ მესმოდა, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, მაგრამ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობდა 2009 წლამდე.
– 2009 წელს რა მტკიცებულება გაჩნდა?
– 2009 წელს მე პირადად გახლდით მომსწრე, როდესაც მიშა სააკაშვილი იყო სტუმრად პატრიარქთან, მისი წასვლისთანავე პატრიარქი გახდა ცუდად. ის თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.

სანამ ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუს გავაგრძელებთ, მცირე გადახვევას გავაკეთებთ 2009 წლის მოვლენებთან მიმართებაში. – ავტ…
2009 წლის 16 თებერვალს, საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც განმარტეს ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც იმ დროისთვის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის გერმანიიდან საქართველოში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაბრუნდება“, – განაცხადეს მაშინ საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო კურსს პატრიარქი თავდაპირველად ბერლინში გადიოდა, თუმცა, ექიმების რეკომენდაციით გერმანიის დედაქალაქიდან 300 კმ-ში მდებარე ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძო მკურნალობა.
„ამჟამად პატრიარქი თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს“, – განაცხადა მან და ილია მეორის ჯანმრთელობის თემით სპეკულირებისგან ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 4 თებერვალს გაემგზავრა, რასაც წინ უძღოდა მისი ჰოსპიტალიზაცია თბილისში, ფრიდონ თოდუას კლინიკაში, მწვავე ვირუსული ინფექციის დიაგნოზით. სწორედ ამ შემთხვევაზე საუბრობს ნანა კაკაბაძე, რომელიც ეჭვობს, რომ პატრიარქი მაშინაც მოწამლეს.

– ქალბატონო ნანა, თუკი პატრიარქი 2009 წელსაც მოწამლეს, რატომ არ ითქვა ეს საჯაროდ? ცოტა არადამაჯერებელი ხომ არ არის დღეს ამ თემაზე საუბარი?
– მე დავსვი ეს კითხვა – რატომ არ ხდება ამ ფაქტის გასაჯაროება-მეთქი? ნუ, მაშინ ჩაითვალა, რომ სახელმწიფოსთან ასეთი ღია დაპირისპირება კარგს არაფერს მოიტანდა, თავად პატრიარქის სურვილიც ასეთი იყო, ვინაიდან შესაძლოა, ამას ეკლესიაზე სერიოზული დარტყმა მოჰყოლოდა.
– ანუ გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი დაინტერესებული იყო პატრიარქის მკვლელობით?
– სააკაშვილი დაინტერესებული იყო პატრიარქის მართვით. როგორი იყო გეგმა და რას აპირებდნენ რეალურად, ცალკე საკითხია, მაგრამ ზუსტად ვიცი და მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ მათი სურვილი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მართვადი პერსონა ყოფილიყო.
– რაში გამოიხატებოდა მართვა?
– მაგალითად, ალბათ, გახსოვთ 2008 წელს პატრიარქი იყო ერთადერთი, ვისაც ცხინვალიდან დაჭრილები და გარდაცვლილები გამოჰყავდა. მაგრამ ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდა სააკაშვილი – „მე ვუთხარი პატრიარქს“, „მე დავავალე“ და ა.შ. ანუ ისე გამოჰყავდა, თითქოს პატრიარქი მისი მარიონეტი იყო. რა თქმა უნდა, სააკაშვილი იტყუებოდა, მაგრამ ამითაც კარგად გამოჩნდა მისი სურვილი, რომ თავის ჭკუაზე ეტარებინა მისი უწმინდესობა. პატრიარქი იმიტომაც არის ბრძენი, რომ მას შეეძლო ლავირება. ის ატარებდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს, მაგრამ ასე ხისტად არ ახდენდა ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ეწეოდა ეკლესიის დისკრედიტაციას.
– კი მაგრამ, რაში გამოიხატებოდა ეს? საჯაროდ მსგავსი არაფერი გვსმენია…
– აი, ავიღოთ თუნდაც ყბადაღებული ჯიპების თემა. ეს ჯიპები ხელისუფლებამ აჩუქა ყველა ეპისკოპოსს, თანაც სავალდებულო წესით.
– ქალბატონო ნანა, სავალდებულო წესით ჯიპების ჩუქება როგორ ხდება, იქნებ აგვიხსნათ…
– კი, ბატონო. მე მახსოვს, როდესაც რამდენიმე ეპისკოპოსმა უარი თქვა ჯიპის მიღებაზე, მაშინვე საპატრიარქოში გაისმა ხათუნა გოგორიშვილის ზარი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ყველა ეპისკოპოსს გამოეყვანა მათთვის განპირობებული ჯიპი, თანაც დაუყოვნებლივ. ეს იყო კატეგორიული ტონი. მოკლედ, ეს ეპისკოპოსები აიძულეს, ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ჯიპები აეღოთ. რატომ? ეს იყო მზაკვრული გეგმა, რათა შემდეგ ყველას ელაპარაკა, რომ აი, ხომ ხედავთ, ხალხს როგორ უჭირს და მეუფეები ჯიპებით დასეირნობენო. გარდა ამისა, ყველა ამ ნაჩუქარ ავტომობილში ჩააყენეს მოსასმენი აპარატურა და პრაქტიკულად ყველაფერს ისმენდნენ, შემდეგ კი ამას მათ წინააღმდეგ იყენებდნენ კომპრომატების სახით. ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციაზე, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი და შემდგომ უფრო გამიმყარდა, რომ ეს მზაკვრობა დაკავშირებული იქნებოდა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

– ანუ ეჭვობთ, რომ ციანიდის საქმის უკან ყოფილი ხელისუფლება დგას? ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის თქვენი ლოგიკა?
– მე მაქვს ასეთი ეჭვი და მაქვს ამის საფუძველი. მისი უწმინდესობის ლიკვიდაცია შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ერთადერთი ძალის ინტერესში, ძალის, რომელიც პატრიარქში პირად პრობლემას ხედავდა. დააკვირდით მოვლენათა განვითარებას: ციანიდის საქმემდე ცოტა ხნით ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი ჰქონდა, ხალხი ქუჩაში გამოეყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა. შემდეგ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყო უცნაური საუბრები, თითქოს არსებობდა რაღაც ჩანაწერები, სადაც ბიძინა ივანიშვილი ლანძღავს პატრიარქს. და აი, ამ ფონზე იგეგმება მკვლელობა. ჩემი აზრით, წინასწარ მზადდებოდა საზოგადოებრივი განწყობა, რომ პატრიარქის მკვლელობა დაჰბრალებოდა ხელისუფლებას, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს და ამ მიზნით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხი ქუჩაში გამოეყვანა. საკუთარი რესურსით მათ ეს არეულობა ვერ შეძლეს და ამიტომაც გადაწყვიტეს ამ გაუგონარ ნაბიჯზე წასვლა. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელსაც აქვს არსებობის უფლება.

– ციანიდის საქმე სულ არ იყო ცნობილი, როცა მეუფე იაკობი დაიმუქრა, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურს გაუშვებდა, მათ შორის სოსო ოხანაშვილს და ეს ასეც მოხდა… არ გიფიქრიათ, რომ ციანიდის საქმე სწორედ საპატრიარქოს ერთი ჯგუფის მიერ დაიგეგმა ოხანაშვილისა და მისი გარემოცვის განეიტრალების მიზნით?
– ციანიდის საქმე ცნობილი რომ გახდა საზოგადოებისთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიგნით მიმდინარე საეჭვო პროცესების შესახებ არაფერი იცოდა თუნდაც მეუფე იაკობმა და სხვა პირებმა. როგორც ჩანს, ქორეპისკოპოსი სოსო ოხანაშვილს მანამდეც აღიქვამდე, როგორც პრობლემას საქართველოს პატრიარქისთვის. რა საფუძველი ჰქონდა, მე არ ვიცი, მაგრამ იქ რომ არაჯანსაღი პროცესები მიდიოდა, ცხადია, ამის შესახებ მას ინფორმაცია ექნებოდა.

– გარკვეული პაუზის შემდეგ სატელევიზიო ეთერებს დაუბრუნდა მეუფე პეტრე, რომელმაც, სხვათა შორის, გასულ კვირას თქვენი და „მხედრიონის“ კავშირებიც გაიხსენა… რას უპასუხებდით ჭყონდიდელ მიტროპოლიტს?
– მეუფე პეტრეს სინოდმა აუკრძალა ასეთი გამოსვლები და როგორც ჩანს, ის სინოდის გადაწყვეტილებებსაც აღარ სცემს პატივს. პირდაპირ დაუპირისპირდა სინოდს. ხო, მან ჩემ მიმართ გაიმეორა ის რიტორიკა, რასაც წლების განმავლობაში ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობა“. რას ნიშნავს, ნანა კაკაბაძე „მხედრიონში“ იყო? ქუჩაში დავრბოდი და ადამიანებს ვძარცვავდი? მე „მხედრიონში“ კი არა, იმ ადამიანებთან ვიყავი მაშინ, ვინც ქვეყნის ერთიანობას შესწირეს თავი. მე ვიცავდი იმ ოჯახებს, რომლებსაც წარმომადგენლები დაეხოცათ ომში. რას ჰქვია „მხედრიონი“? სად მნახა მეუფე პეტრემ, შეიარაღებული რომ დავდიოდი და ხალხს ვძარცვავდი?! და თვითონ სად იყო მაშინ მეუფე პეტრე, იქნებ ეგეც გვითხრას.

– სად იყო?
– მაქვს ინფორმაცია და მისთვის არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება ეს ინფორმაცია. ჯობია, თვითონ ისაუბროს. მე იქ ვიყავი, სადაც წინა ხაზი იყო, თვითონ სად იმყოფებოდა, ეგეც თქვას. ის ჯერ კიდევ ეპისკოპოსია და ამიტომ თავს შევიკავებ სხვა დეტალებზე საუბრისგან.

– ჯერ კიდევ ეპისკოპოსია, რას ნიშნავს? შესაძლოა, წმინდა სინოდიდან გარიცხონ?
– ლოგიკურად ეს ასე უნდა მოხდეს. აბა, სხვა რაღა შეიძლება იყოს სინოდიდან განკვეთის საფუძველი, თუ არა ის ქმედებები, რასაც მეუფე პეტრე ეწევა. ეს არის დანაშაული ეკლესიის წინააღმდეგ. მოახლოვდა ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და ფიქრობს, რომ შესაძლოა, გამოძიება არ დარჩეს გულგრილი თუნდაც მისი პიროვნების მიმართ. ის თავისი გამოსვლებით იცავს არა მამა გიორგის, არამედ საკუთარ თავს, ისევე როგორც დეკანოზის ადვოკატები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი მამალაძე არის დაუცველი, დაცულია მეუფე პეტრე და მისნაირები, ვინც მის გვერდით დგას ამ საქმეში.

– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი შესაძლოა, ციანიდის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად მოგვევლინოს?
– თვითონ წარმოადგენს უკვე თავს ასეთად. მისი ქმედებები და განცხადებები მხოლოდ ამაზე მეტყველებს.

– რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს… ის თქვენი მეგობარია და შეგიძლიათ, გვითხრათ, როგორია მისი პოზიცია, ან რა ჩვენება მისცა პროკურატურას?
– შორენას ათწლეულებია ვიცნობ, იმ დროიდან, როცა ის პირველად მოვიდა საპატრიარქოში. მან უამრავი რამ გადაიტანა და ბევრი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, თუ ცილისწამება მიიღო, თუმცა სწორედ პატრიარქის ფაქტორიდან გამომდინარე ეს ყველაფერი დაითმინა. ჩვენ უშუალოდ საქმის დეტალებზე ნაკლებად ვსაუბრობთ, მაგრამ გეტყვით, რომ შორენა დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვინც არ უნდა დაუმტკიცოს, რომ მისი მოკვლა იყო დაგეგმილი, ის გრძნობს და ხვდება, რომ რეალურად პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული. თვითონ იძახის, რომ „მე ვის დავკარგვივარ და ვის ვაინტერესებ, ეს ყველაფერი პატრიარქის წინააღმდეგ ხდებოდაო. ნეტავ მართლა ჩემს წინააღმდეგ ყოფილიყო დაგეგმილი და არა ის, რაც რეალურად არისო“.

მირიან ბოქოლიშვილი

primetime.ge

იტვირთბა....