დღეს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
მარინ ლე პენმა და ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უკვე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი. ამის შესახებ გამოცემა Le Monde წერს, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის ონლაინ-ტრანსლირებას ახორციელებს.
„ნაციონალური ფრონტის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ხმა ქალაქ ენენ-ბომონის საარჩევნო უბანზე მისცა, მაკრონმა კი თავისი არჩევანი ტუკის კომუნაში დააფიქსირა.
ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ მაკრონმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მხარდამჭერებს შეხვდა.
მარინ ლე პენი კი უბანზე დაცვასთან ერთად გამოცხადდა და ხმის მიცემის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა საარჩევნო უბანი.
საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. პირველ ტურში, 23 აპრილს, En Marche!-ს ლიდერმა, ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ხმების 23,75 % მიიღო, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა – 21,53 %.
ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ს გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამართულ ტელედებატებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა – 63 %-ით. მარინ ლე პენს ხმა რესპონდენტთა 34 %-მა მისცა. გამოკითხვაში მონაწილეობა 1 314 ადამიანმა მიიღო.
BBC-ს ცნობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატების რეიტინგი ასეთია: მაკრონი – 59 %, ლე პენი – 41 %.