“მეტრონომი” სასამართლოდან:
ავტორი: ნინო ცხადაია
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის შესვენებაზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე წარადგენენ მტკიცებულებებს. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობრის განცხადებას, რომ მასზე დაკავებამდე მუქარა ხორციელდებოდა, ფანცულაიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ ისაუბრებს, როცა დაკავებული დეკანოზის მეგობრებს და ნათესავებს შეხვდება და მათ ამ განცხადებას დეტალურად გაეცნობა. მან შეაფასა წინასასამართლო სხდომის დახურვის ფაქტიც:
”უსუსური შუამდგომლობა ჰქონდა საქმის დახურვასთან დაკავშირებით პროკურატურას. ყველამ დაინახეთ, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. მან მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. იმედია ეს გადაწყვეტილება შემდეგში იმაში არ აისახება, რომ არასწორი გადაწყვეტილებების დამალვის მცდელობა იქნება სასამართლოში”-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მეორე ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით კი, ახლა მიმდინარეობს მხარეების შუამდგომლობების განხილვა დაუშვებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის პოზიციას, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომის დახურვის თაობაზე შუამდგომლობა იმ საფუძველზე დააყენეს რომ დაცული იყოს გამოძიების ინტერესი, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და უნდა დადგინდეს სხვა პირების ბრალეულობაც:
”სამწუხაროა რომ დაცვის მხარის მიერ მოხდა ფაქტების დამახინჯება. აღნიშნული შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტაცია. ისინი ამბობენ, რომ თითქოს საპატრიარქოს იმიჯისთვის და რეპუტაციისთვის დავაყენეთ შუამდგომლობა სხდომის დახურვის თაობაზე. ჩვენ არც კი გვიხსენებია საპატრიარქოს იმიჯი. რეალურად, ის შუამდგომლობა რაც ჩვენ დავაყენეთ, ეხებოდა პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოებას და პერსონალური მონაცემების დაცვას”- აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
მის ამ განცხადებას გამოეხმაურა დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მკაფიოდ გააჟღერა, რომ სასამართლო სხდომების ღიაობით ზიანდებოდა საპატრიარქოს იმიჯიც, რაც საზოგადოებაში გამოიწვევდა შფოთს. რაც შეეხება იმას, რომ პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მოწმეზე განხორციელდა მუქარა, პროკურორი ამბობს, რომ ეს იყო რელიგიურ მოტივებზე დაფუძნებული მუქარა. თუმცა ის არ აკონკრეტებს ვინ არის ეს მოწმე და ვინ დაემუქრა მას.
სასამართლოში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც სხდომა კვლავ გაგრძელდება.