საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, მემორანდუმი, რომელიც 162-ე სკოლასა და პირველ ექსპერიმენტულ სკოლას შორის გაფორმდა თუ პედაგოგების სურვილი იქნება ძალას დაკარგავს.
“დღეს საქმე გვაქვს იმასთან, რომ კონკრეტული პოლიტიზირებული ადამიანები ცდილობენ, თავისი მიზნებისთვის გამოიყენონ ეს პრობლემა. პირობას ვდებ, ჩემი მხრიდან ნებისმიერი მემორანდუმი და კონკრეტულად ეს მემორანდუმიც, თუ კოლექტივის სურვილიც არ იქნება, დაკარგავს ძალას”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას თქმით, მემორანდუმი იმ შემთხვევაში არ ამოქმედდება, თუ სკოლის პედაგოგები და მშობლები ამაზე უარს იტყვიან.
მინისტრი უარყოს ინფორმაციას, რომ მემორანდუმი ორ სკოლას შორის საიდუმლოდ გაფორმდა.
ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ 162-ე სკოლის დირექტორმა სოფო ფანცულაიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს ჩაიშალა.
როგორც სკოლის პედაგოგებმა განაცხადეს, სწავლის პროცესის ჩაშლის მიზეზი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმი იყო.
პედაგოგების განცხადებით, გუშინ, განათლების მინისტრისგან პირდაპირ ეთერში შეიტყვეს, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადადის.
ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებულ სკოლებთან თანამშრომლობა სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების გაძლიერებისა და მათ შორის პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს იწყებს.