ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი და სპეცსამსახურების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპაში რუსეთის გავლენისა და აგრესიის შესამცირებლად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა. თანხები გამოიყოფა ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.