ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბიჭი განწირული ხმით შველას ითხოვდა”: ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩაცხრილვის დეტალები

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, რა დროსაც 26 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილეს, “ნიუპოსტთან” თვითმხილველები საუბრობენ. მათი განცხადებით, მამაკაცი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას რამდენჯერმე ესროლეს. მათივე ინფორმაციით, გიორგი შარაშენიძე ჯავახიშვილის ქუჩაზე დედასთან ერთად ცხოვრობდა და საბედისწერო ღამეს ის სახლში ბრუნდებოდა.
მკვლელობის მოტივად, ერთ-ერთ ვერსიით, შურისძიება სახელდება. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილს გაურკვეველ პირებთან ადრე უთანხმოება ჰქონდა:

“ბიჭი განწირული ხმით შველას ითხოვდა, ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი… როგორც ჩანს ჩასაფრებულები იყვნენ, როგორც კი მოუახლოვდა უბანს, ცეცხლი გაუხსნეს. 4 გასროლა გავიგეთ, რაც შეეხება ავტომობილს საიდანაც ისროდნენ, ვერ ვიხსენებ, ბევრი ავტომობილი იყო. დაჭრილი გამვლელმა გადაიყვანა კლინიკაში” – განუცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა “ნიუპოსტს”.

მკვლელობის შესახებ “ნიუპოსტს” ამავე ქუჩაზე მცხოვრები ნონა ფილაურიც ესაუბრა.

მისი თქმით, ახალგაზრდას მეზობლად ცხოვრობს.

“სროლის ხმაზე გარეთ გამოვედი, ზედიზედ ისროდენ. ახალგაზრდას არ ვიცნობდი, ამბობენ დედასთან ერთად ცხოვრობდა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მომქედებებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ”- განაცხადა თვითმხილველმა.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ჩამდენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

26 წლის გიორგი შარაშენიძე გუშინ საკუთარ ავტომობილში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. ახალგაზრდა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
წყარო: newposts.ge

იტვირთბა....