საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკელი სენატორების მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის საქართველოს მხარდამჭერი წერილის გაგზავნის ფაქტს ეხმაურება.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მომხდარს “საქართველო-ამერიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა” უწოდა.
კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და კონგრესმენთა მსგავსი დამოკიდებულება გააჩნია აშშ-ს პრეზიდენტსაც.
„ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, 30-მა კონგრესმენმა, წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა გაუგზავნეს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მხარდამჭერი წერილი, სადაც არის ხაზგასმული ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა. რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული ასევე კონგრესის მიერ. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ეს იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. გასული 25 წლის განმავლობაში ასე იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე განწყობაა სენატშიც და რა თქმა უნდა ერთ წამით არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ზუსტად ასეთივე სულისკვეთება გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.