ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის ბრძანებით, დევნილებისთვის ფულადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ფულად დახმარებას დევნილები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ:
ოჯახის წევრის გარდაცვალება – თუ გარდაცვლილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30 001-ზე ნაკლებს;
ონკოლოგიური დაავადება; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი; მრავალშვილიანობა – თუ ოჯახის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი;
ქირურგიული ოპერაციის საჭიროება – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს;
ომის ვეტერანის/ომში დაღუპულის ან მარჩენალდაკარგულის სტატუსი – თუ ოჯახში არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი ან ოჯახის წევრს მინიჭებული აქვს ომში დაღუპულის/მარჩენალდაკარგულის სტატუსი; მარტოხელა მშობლის/ქვრივის სტატუსი.
ფულადი დახმარება ამ წესის შესაბამისად შეიძლება გაიცეს 6 თვეში ერთხელ. თუკი დევნილი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მან განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ახლდეს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.