“ბექა შენგელიას პოზიციები ბრალთან მიმართებაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მყარი არ არის”, – ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული შენგელიას ერთ-ერთმა ადვოკატმა იზო მახარაძემ დღევანდელი დახურული სხდომის შემდეგ განაცხადა.
სასამართლო პროცესზე ამ საქმეზე მომუშავე გამომძიებლები დაიკითხნენ. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ შენგელიამ მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე, შეიძლება დღეს სხვა თქვას, ხვალ კი – სხვა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი მოწმეა დასაკითხი და როდის იქნება განაჩენი, უცნობია.
საქმის პროკურორმა და დედის მკვლელობაში ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი 2016 წლის ოქტომბერში ჯერ მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს. საქმეზე დააკავეს მოკლულის შვილი, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილი და მისი მეგობარი ბექა შენგელია, რომლებსაც ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედებათ. ამავე საქმეზე დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი, ასევე მკვლელობის ბრალდებით. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ასევე, დაკავებულია კიდევ 3 პირი, რომლებსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. მათი საქმეც ცალკე წარმოებად განიხილება. სასამართლო პროცესები დახურულია.