ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პრეზიდენტს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები აქვს”

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე დოკუმენტი შემუშავებული საერთოდ არ ყოფილა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტს და პოლიტიკურ პარტიებს, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები აქვთ.

„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა სუბიექტებს, მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები და ეს კამპანია სუბიექტურ-პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია კომისიის წინააღმდეგ, როდესაც საერთოდ დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული.

პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, ასევე ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავიანთი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები და ბუნებრივია, მათ ინტერესში არ შედის, რომ არადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვლა დემოკრატიული კონსტიტუციით წარმოადგინონ როგორც ამ ხელისუფლების მიღწევა.

ეს არის მათი სამწუხარო პოლიტიკური ინტერესი, ეს არის მათი ნეგატიური დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი.

ჩვენ უნდა შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტუცია, დემოკრატიული კონსტიტუციით და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის ის აბსოლუტურად არასწორი კამპანია, რომელიც წარიმართება საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით პოლიტიკურ პარტიებთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავარია, რომ კონსტიტუცია შინაარსობრივად იყოს გამართული და ემსახურებოდეს იმ მიზნებს, რომლებიც კომისიას საქართველოს პარლამენტმა დაუსახა.

„მიზანი არის ორი – ფუნდამენტურ-სამართლებრივ პრინციპებთან მისი შესაბამისობა – ეს ამოცანა მიღწეულია, ამ ამოცანას სრულად შეესაბამება ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია კომისიის მიერ.

ამასთან, უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საპარლამენტო-დემოკრატიული და სტაბილური მმართველობის სისტემა, ეს არის მეორე ამოცანა და ესეც მიღწეულია“,- განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....