ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გირჩის” ახალი ინიციატივა: პატიმრების ახლობლები ციხეში შესვლას შეძლებენ

„გირჩი“ საზოგადოებას ანებივრება თავისი ახალ-ახალი ინიციატივებით. მორიგი ინიციატივის მიხედვით, „გირჩის“ მღვდელმსახურებს უფლება ეძლევათ, ნებისმიერ დროს შევიდნენ სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში და იქ მყოფი პატიმრები მოინახულონ. მაგალითად, თუ თქვენ გყავთ მსჯავრდადებული ახლობელი და შეზღუდული გაქვთ მისი მონახულების უფლება, შეგიძლიათ, გაერთიანდეთ „ბიბლიური თავისუფლების“ რიგებში და სასულიერო პირის მოწმობით მოინახულოთ ციხეში მყოფი ახლობელი, როგორც წინასწარი პატიმრობის პერიოდში, ისე სასჯელის მისჯის შემდეგ. საქართველოს კანონმდებლობა, რელიგიურ ორგანიზაციებს ანიჭებს უფლებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შევიდნენ. პატიმართა ოჯახებისთვის კი დაწესებულია მკაცრი ლიმიტი – თვეში ერთი საათი, ან რამდენიმესაათიანი პაემანი, რომელიც ოჯახებს 60 ლარი უჯდებათ.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ამ მიმართულებითაც იმუშაოს და სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან ახალგაზრდების დახსნის პარალელურად, მოქალაქეებს პატიმრობაში მყოფი ახლობლების მონახულებაში დაეხმაროს.

იაგო ხვიჩია, „გირჩი“:
– სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე ჯერ არ გვიფიქრია, თუმცა ახლა საკმაოდ საინტერესო იდეა მომაწოდეთ და არ არის გამორიცხული, ამ მიმართულებითაც დავიწყოთ მუშაობა. რატომაც არა? თუ ადამიანი პატიოსანი მოქალაქეა და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, რატომ უნდა ჰქონდეს შეზღუდული მას პატიმრობაში მყოფი ახლობლის მონახულების უფლება.

– სხვა პრივილეგიებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ… მაგალითად, „ბიბლიური თავისუფლების“ შემოწირულებები რეალურად პარტიული მიზნებისთვის გამოიყენოთ…

– ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ მსგავს მაქინაციებს. დარწმუნების სხვა მექანიზმი არ არსებობს. თუ ასე მოხდა, ეს გამოჩნდება კიდეც, ხომ? ამის გამო ვიღაცამ შესაძლოა, სანქციაც კი დაგვაკისროს. ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ და მხოლოდ ისეთ კანონებს ვარღვევთ, რომელიც არ მოგვწონს. თავს უფლებას არ მივცემთ, რომ პოლიტიკური მიზნებით შევბღალოთ რელიგიური ორგანიზაციის სახელი.

იურისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „გირჩის“ ამ პროვოკაციული გადაწყვეტილების ირგვლივ გამოძიება დაიწყოს. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სამშობლოს დაცვა, ისევე როგორც გადასახადების გადახდა, ყველა მოქალაქის კონსტიტუციური ვალდებულებაა. ალაფიშვილი მსგავსი თემებით მანიპულირებას სახიფათო თამაშს უწოდებს.
„თუკი კვლავ გაგრძელდება სამხედრო სამსახურისგან თავის დახსნის ეს ავანტიურისტული კამპანია, მარტივი შესაძლებელია, ამ საქმით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ეს კარგად უნდა ესმოდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ე.წ. „მღვდელმსახურებად“ აკურთხებენ, რადგან შესაძლოა, მათ სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ. სისხლის სამართლის კოდექსში მოიძებნება მუხლები, რომელიც ასეთ ქმედებას, ან ამ ქმედების ხელშეწყობას დანაშაულად განიხილავს. თუნდაც არსებობს მუხლი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების შესახებ. წვევამდელს, რომელიც ამ გზით ცდილობს სამხედრო სამსახურისგან თავის დახსნას, გამომძიებელთან ძალიან გაუჭირდება საკუთარი რელიგიური იდეოლოგიის დამტკიცება. მით უმეტეს, ეს ადამიანები საჯაროდაც არ მალავენ, რომ ახალი რელიგია სწორედ იმ მიზნით მოიგონეს, რომ ადამიანები სამხედრო სამსახურისგან დაიხსნან“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
რატომ განიხილავს „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურს, როგორც თანამედროვე მონობას, მაშინ, როცა, სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოზე ძლიერი სახელმწიფოები, საკუთარი გამოცდილების, შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და პოტენციური საფრთხეების გათვალისწინებით, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურის განვითარება არ არის საკმარისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ასამაღლებლად. შესაბამისად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, კერძოდ, ბალტიის აუზის ქვეყნები აპირებენ, რომ 2018 წლიდან აღადგინონ სამხედრო სავალდებულო გაწვევა. ირკვევა, რომ წვევამდელის ინსტიტუტის ახლებური ხედვით განვითარება და დახვეწა ამ ქვეყნების მთავარ ამოცანად იქცა.

მაგალითად, ლიტვის სეიმმა, რომელსაც გაუქმებული ჰქონდა სავალდებულო გაწვევა, 2016 წლის 31 მაისს მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, წვევამდელთა გაწვევა გაგრძელდება 2019 წლის შემდეგაც. კანონპროექტი წარმოადგინა თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ 2021 წელს იგეგმება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა 23 ათასიდან 30 ათასამდე, წვევამდელთა ყოველწლიური რაოდენობის გაზრდა 3,5-დან 4 ათასამდე.

ასევე, ესტონეთშიც არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური, საკონტრაქტო სამსახური და ალტერნატიული სამსახური. თავდაცვის ძალებში სამსახური შესაძლებელია 16-დან 60 წლამდე. ყველა მოქალაქე მამაკაცი ვალდებულია, 18-დან 27 წლის ჩათვლით იმსახუროს 8-12 თვის განმავლობაში (პერიოდი დამოკიდებულია ქვედანაყოფსა და სპეციალობაზე). რელიგიური და მორალური თვალსაზრისით შეუძლებელია უარის თქმა თავდაცვის ძალებში სამსახურზე, მათ უნდა იმსახურონ ალტერნატიულ სამსახურში 12 თვე.

ასევე, ცნობილია შვედეთის გადაწყვეტილებაც, რომელიც აპირებს 2018 წლისთვის აღადგინოს სავალდებულო სამსახური, მთელი რიგი გამოწვევებისა და იმ პრობლემების გამო, რომელიც ამ სამსახურზე უარის თქმის გამო შეიქმნა.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში მოხდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მნიშვნელოვანი რეფორმირება, კერძოდ:

1. წვევამდელი 3 თვეში გაივლის იმ ტიპის სრულფასოვან საბრძოლო მომზადებას, როგორსაც გადიან საკონტრაქტო მოსამსახურეები. ეს კი სურვილის შემთხვევაში მას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. 2. ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ დასვენების დღეები, შაბათ-კვირა და ყოველთვიური 50-ლარიანი ანაზღაურება 7 ლარის ნაცვლად. 3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის პირობებში ხელშეწყობილი იქნება სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და 4. ეროვნული უმცირესობების ინტეგრირება ქართულენოვან საზოგადოებასთან.

„კიდევ უფრო პროფესიული ჯარისა და რეზერვის შესაქმნელად გადაწყდა წვევამდელების მაღალ დონეზე მომზადება, რათა ისინი ვადიან სამსახურში მიღებული ცოდნით, საბრძოლო მომზადებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, სრულფასოვანი და კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ და, თავის მხრივ, გარანტირებული მაღალანაზღაურებადი საკონტრაქტო სამსახური მიიღონ.
რაც ყველაზე მთავარია – სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა საშუალება, შეასრულოს არა მხოლოდ ბაზების უსაფრთხოების მოთხოვნები, არამედ საბაზისო მომზადების მიღების შემდეგ აქტიურად ჩაერთოს ყველა სწავლებაში, რომელიც მათი პროფესიული დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან მნიშვნელოვნად და თვისობრივად განსხვავდება. კერძოდ, ვადიანი სამხედრო მოსამსახურე 3 თვის განმავლობაში გაივლის სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას, რასაც გადიან საკონტრაქტო მოსამსახურეები და რაც გახდება საფუძველი ერთი წლის შემდეგ მაღალანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურში ავტომატურად ჩარიცხვის მათი სურვილის შემთხვევაში. სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. ასევე, წვევამდელები გაივლიან აქტიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, რაც თვისობრივად განსხვავებული მიდგომაა, მანამდე არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოდელთან“, – განგვიმარტეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
რა კავშირი აქვს ამ მოდელს ე.წ. ყარაულის სისტემასთან, რთული სათქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, „გირჩი“ თანამედროვე მონობაში ამ დრომდე არსებულ სისტემას გულისხმობს, როდესაც წვევამდელებს მხოლოდ განწესში დგომა და ლოგისტიკური სამუშაოები (ტვირთის გადატანა და ტექნიკური სამუშაოები) ევალებოდათ და საბრძოლო მომზადება მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
ჩვენს მკითხველს განვუმარტავთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა რეგულირდება საქართველოს კანონით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“. წვევამდელთა გაწვევის პროცესის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევა.

თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები წერილობით მიმართავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევი სამხედრო მოსამსახურეების საჭიროების შესახებ. გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბოლო ასეთი დადგენილების თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს კვოტით განისაზღვრა 1400 წვევამდელი. ამ ეტაპზე 1400-დან გაწვეულია 1184 წვევამდელი. საგაზაფხულო გაწვევა სრულდება 30 ივნისს. თავდაცვის სამინისტრო დადგენილი რაოდენობის მიღებას 16 მაისამდე გეგმავს.

 

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

primetime

იტვირთბა....