თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ირაკლი სესიაშვილის შვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სტუმრობისას ეხმაურება:
„ამ სტუდიიდან ისე ვერ წავალ, ირაკლი სესიაშვილის შვილის თემას რომ არ გამოვეხმაურო. ყველას მინდა მივმართო – მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ და არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის პოლიტიკური დაპირისპირება გვაქვს ერთმანეთის მიმართ, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენი ოჯახის წევრებზე არ გადავიდეს. განსაკუთრებით, როდესაც შვილებს ეხება საქმე, ასე ხელაღებით საუბარი, დამნაშავის ძიება, იარლიყების მიკერება, ეს არის ყველაზე უფრო სამარცხვინო საქციელი რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. თავად ძალიან ხშირად ვყოფილვარ ჩემს შვილებზე თავდასხმის ობიექტი. კარგად მესმის ირაკლისა და თიკოსი. ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას მინდა მივმართო და მოვუწოდო, რომ როდესაც საქმე შვილებს ეხება, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი და ვიყოთ პატიოსანი საკუთარ შვილებთან მიმართებაში. თუ სხვის შვილებს არ ვუფრთხილდებით, საკუთარ შვილებს მაინც გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ, მათნაირი უსინდისო ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც მათ შვილებზე ანალოგიურ თავდასხმებს მოაწყობენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილის თითის ანაბეჭდები ერთ-ერთი ბინის გაქურდვის ფაქტზე აღმოჩნდა.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ბინძური ცილისწამებაა და “ნაციონალურ მოძრაობას” უჩივლებს.