რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის “ღამის მგლების” წევრები შესაძლოა საქართველოში ისევ ჩამოვიდნენ. მათ მოპატიჟებას და მათთან ერთად 9 მაისს პერფორმანსის მოწყობას “რუსეთ საქართველოს ახალგაზრდული კავშირი” გეგმავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი ყიფიანის თქმით, რუს ბაიკერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტექნიკურ დეტალებზე მიდის შეთანხმება.
ყიფიანი საქართველოს სამთავრობო სტუქტურებისგან რუსი ბაიკერებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ირაკლი ყიფიანის თქმით, რუსეთიდან 35-მდე პირის ჩამოყვანა იგეგმება. მათ შორის შესაძლოა იყოს რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი – მეტსახელად “ქირურგი”.
“არ გვინდა ჩვენმა ე..წ სპეცსამსახურებმა ლარსზე ამ ბიჭებს პრობლემა შეუქმნას, წერილები მაქვს გაგზავნილი ჩვენს სამინისტროებში და პასუხებს ველოდები, ვითხოვ კონკრეტულ გარანტიებს, რომ რაღაც 1 % საზოგადოების, მიშა სააკაშვილის ნარჩენები რაღაც პრობლემას არ შექმნიან, თორემ იქიდან დიდი მზაობაა.“- აცხადებს ირაკლი ყიფიანი.
შეგახსენებთ, რომ „Ночные волки” (“ღამის მგლები”) ცნობილია, როგორც რუსეთში ჯერ კიდევ სსრ კავშირის არსებობის დროს, 80–იანი წლების ბოლოს აღმოცენებული ბაიკერების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს არა ბაიკერებს, არამედ “რუს მოტოციკლისტებს” უწოდებენ. ამ ჯგუფთან რუსეთსა და უკრაინაში არაერთი კრიმინალური ფაქტია დაკავშირებული, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება კი მათ პირდაპირ “კრიმინალებად” და “ქილერებად” მოიხსენიებს.
ცნობილია ასევე, რომ „Ночные волки“ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული დაჯგუფებაა. ისინი თავიანთ თავს რუსეთის ისტორიისა და ტრადიციების დამცველებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მათი ერთობა მართლმადიდებლობის პრინციპებს ეფუძნება, თუმცა, მაგალითად, კიევში ყოფნისას, მათი მხრიდან მკერდშიშველი ქალების მოტოციკლეტებზე შემოსმამ, ორთოდოქსი მრევლის განრისხება გამოიწვია. ჯგუფის ლიდერი, ალექსანდრ ზალდოსტანოვია, რომელიც ცნობილია მეტსახელით “ქირურგი”.
“Ночные волки” სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, 2013 წელს, საქართველოშიც იმყოფებოდნენ. მათმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველოში მიწვევა მათ კიევში საქართველოს პატრიარქის ვიზიტის დროს, საპატრიარქოსგან მიიღეს, თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსი ბაიკერების ჯგუფი საქართველოში ოფიციალურად არ მოუწვევიათ.