“ქრონიკა პლუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე პროკურატურის დაცვის პროგრამაზე უარს აცხადებს. მან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას შესაძლო პროვოკაციების შესახებ, საკუთარ გვერდზე უპასუხა.
„არჩილ თალაკვაძეს ჩემთვის დაცვის სპეციალური პროგრამა მოუთხოვია, ნაცები პროვოკაციებს მოუწყობენ და ხელისუფლებას დაგვაბრალებენო !
განვმარტავ – უარს ვამბობ ხელისუფლების მხრიდან ყველა მსგავს შემოთავაზებაზე, არ მეშინია და არ ვსაჭიროებ არანაირ დაცვას.
დაცვის სპეციალური პროგრამა შესთავაზეთ კორუმპირებულ, მექრთამე სუს-ის უფროსის მოადგილეს – თქვენი ხელისუფლების სახეს იოსებ გოგაშვილს!!!!!“ – წერს ელისო კილაძე საკუთარ გვერდზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს. მისივე თქმით, შესაძლოა, ელისო კილაძის მიერ სუს-ისა და სხვა ძალოვანი უწყებების მიმართ გამოთქმული ბრალდებები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა ძალამ პროვოკაციისთვის გამოიყენოს და მოახდინონ სუს-ის დისკრედიტაცია.