აქტუალური თემა ახალი ამბები ბლოგები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

მოსამართლეს, რომელიც ატყუებს ჟურნალისტებს, არ აქვს ინიციატივებით გამოსვლის მორალური უფლება

გენო ჯოხიძე

მაშინ, როცა არსებობს ბრალდებული, რომელიც დღისით, მზისით, ისეთ პერსონას როგორიცაა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, შეურაცხყოფას აყენებს, აფურთხებს და ქვებს ესვრის, დასჯილი არაა, ამ დროს გამოდის იუსტიციის საბჭოს „კარდინალი მოსამართლე“ ევა გოცირიძე და ამბობს რომ მედიას უნდა შეეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

მსგავსი აბსურდი, რომელიც გოცირიძემ გუშინ TV „პირველის“ ეთერში ისაუბრა, კარგა ხანია არ მომისმენია. მინდა მას ვთხოვო, სანამ ქართული მედიის თავზე რქების დადგმას შეეცდება, ამ თითქოსდა თავისი ევროპულ სასამართლოში მოღვაწეობის გამოცდილებით, გადახედოს „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ ვებ-გვერდს და მიიღოს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ჟურნალისტური საქმიანობა.

თუმცა, ამაზე არ შევჩერდები. მედია-ტრენინგებს პირადად მე ვუწევ ხშირად კოორდინირებას და დიდი სიამოვნებით ვპატიჟებ ქალბატონ ევას ჟურნალისტიკის ანა-ბანას შესასწავლად. მე მინდა უბრალოდ, მისივე საქმიანობას და სფეროს შევეხო. თუკი მედიას აქვს სინდისი, რომლის მიმართაც არის ანგარიშვალდებული, მოსამართლესაც უნდა გააჩნდეს ის მაშინ, როცა თავისივე კოლეგის სავარაუდო ცემის საქმეზე ბრალდებულს სასამართლო დარბაზიდან უშვებს, ანუ ვერ აგვარებს საკუთარ სამზარეულოში არსებულ პრობლემებს და ახლა, ცდილობს მედიას ასწავლოს ჭკუა და უფრო მეტიც, დაუწესოს ცენზურა. ქალბატონო ევა, ხომ არ ჯობია, ჯერ საკუთარ სამზარეულოში არსებულ „დირეს“ მიხედოთ და მერე დაიწყოთ საუბარი მედიის „თმის ღერზე“, მითუმეტეს, რომ როგორც თქვენი გუშინდელი გამოსვლიდან ვნახე, მთლად გათვითცნობიერებული ამ მიმართულებით ნამდვილად არ ბრძანდებით.

დიახ, ქალბატონო ევა, მე ახლა გაკრიტიკებთ იმიტომ, რომ თქვენ სრულიად მედიის შეზღუდვა გსურთ იმის გამო, რომ რომელიღაც მათგანმა გადაჭარბებული ემოციები გამოხატა ამა თუ იმ მოსამართლის მიმართ. რა თქმა უნდა, არც მე ვარ მომხრე უცენზურო სიტყვები გამოიყენოს ჟურნალისტმა, ჩვენ ჩვენ თავს მივხედავთ, მაგრამ თქვენ დღეს მურუსიძისნაირი მოსამართლეების გვერდით არ მუშაობთ? თუკი თქვენ სხვისი გამონათქვამის გამო გინდათ რომ დამმარხოთ პირადად მე, როგორც ჟურნალისტი, მურუსიძის გვერდით მომუშავე პერსონა რომ გაგაკრიტიკოთ ჩემი ბლოგიდან, რბილად რომ ვთქვათ, ხომ სამართლიანი იქნებოდა? რბილად ვამბობ ქალბატონო ევა და სამართლიანადაც, თქვენ შიგნით ვერ მოგიგვარებიათ პრობლემები და მე მიკითხავთ მორალს?

დიახ, ქალბატონო ევა, მე ახლა გაკრიტიკებთ იმიტომ, რომ თქვენ იყავით ავანგარდში, როცა მწვანე შუქი აუნთეთ მურუსიძის დღევანდელ საქმიანობას, რომლის გადაწყვეტილებაც, თავის დროზე, დავდაყირა დააყენა ზუსტად იმ ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც თქვენ ასე აქტიურად იყენებთ არგუმენტების მოტანის დროს.

დიახ, ქალბატონო ევა, მე ახლა გაკრიტიკებთ იმიტომ, რომ თქვენ არაფრად აგდებთ საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილის აზრს, რომელიც თავის დროზე და დღესაც გამოდის მურუსიძის წინააღმდეგ.

დიახ, ქალბატონო ევა, მე ახლა გაკრიტიკებთ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება გამოხვიდეთ ინიციატივებით და საკანონმდებლო სივრცეში შეეცადოთ კორექტივების შეტანას.

დიახ, ქალბატონო ევა, მე ახლა გაკრიტიკებთ იმიტომ, რომ გუშინ თქვენ მოატყუეთ „მეტრონომის“ ჟურნალისტები, როცა თქვენივე მდივნის ენით შემოგვითვალეთ, რომ შეხვედრაზე ბრძანდებოდით, შემდეგ უცხოეთში მიფრინავდით და დრო არ გქონდათ პასუხი გაგეცათ ჩვენს ერთ კითხვაზე. არადა, იმავე საღამოს გამოჩნდით და ინტერვიუ მიეცით ჩვენს კოლეგებს სხვა მედიასაშუალებებში. დიდი მადლობა იმისთვის მაინც, რომ ჩვენი კოლეგებიც არ მოატყუეთ და მათ მაინც მიეცით ინტერვიუ. თუმცა ფაქტია, რომ თქვენ გაზეთი „მეტრონომი“ და მისი ჟურნალისტური კორპუსი გუშინ, მოატყუეთ!!!

ამის შემდეგ მართლაც მიჭირს გენდოთ, იმ დროს, როცა ცდილობთ მედიის რეგულაციების საკითხებში მიიღოთ მონაწილეობა და მითუმეტეს, ინიციატივებით გამოხვიდეთ და შეეცადოთ ახლა უკვე ის პერსონები მართოთ, ვინც გუშინ მწარედ მოატყუეთ. ჩანს მორალი? მემგონი ჩანს…

ქალბატონო ევა, თქვენივე საყვარელი ფრაზა მინდა მოვიშველიო, რომელიც ამერიკელმა მოსამართლემ თქვა, რომ „გამოხატვის თავისუფლებას სჭირდება სასუნთქი სივრცე, რომელიც მას სჭირდება გადასარჩენად“. დიახ, მართალი ბრძანდებით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების გადარჩენას ნამდვილად სჭირდება სასუნთქად სივრცე, რომელიც გადატენილი არ იქნება ისეთი მოსამართლეებით, რომელთა გადაწყვეტილებები არცხვენს ქვეყანას, აზარალებს მის იმიჯს, არ გვჭირდება მედიის სასუნთქი სივრცე ამოივსოს ისეთი მოსამართლეებითაც, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთ კოლეგებს, რომლებსაც კონფორმისტული ცხოვრების გარეშე შიშვლად დარჩენის ეშინიათ.

 

 

იტვირთბა....