ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„გატეხილ მანქანაზე ჩემი შვილის თითის ანაბეჭდები არის“: სესიაშვილის განმარტება ენმ-ის ბრალდებაზე

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, მისი შვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელია ტყუილების ტირაჟირება, ცილისწამება არის მათი პოლიტიკური სტრატეგია.

„თუმცა, ამ შემთხვევაში ისინი უკვე შეეხნენ ჩემს ოჯახს. გუშინ მათ მტკიცებით ფორმაში განაცხადეს, რომ თითქოს ჩემს შვილს დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და მეტიც, სამართალდამცველებმა თითქოს მიჩქმალეს აღნიშნული საქმე ამიტომ მე მოვედი დღეს პროკურატურაში და მივმართავ პროკურატურას, რომ ერთის მხრივ ფაქტი გამოიძიონ, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გაიგოს ის სიმართლე, რომ ჩემს შვილს რა თქმა უნდა, ვერ ექნებოდა ამ ასე ვთქვათ, ქურდობასთან ვერანაირი კავშირი. მეორე  მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ამ ცრუ დასმენაზე. გამოიყვანეს ვინმე იოსელიანი, რომლის ყველაზე დიდი პოლიტიკური მიღწევა მდგომაროებს იმაში, რომ არის ბოკუჩავას ქმარი და ამით არის ყველაფერი ნათქვამი“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება მანქანის გატეხვას და ქურდობაში დავით სესიაშვილს შესაძლო კავშირს, ირაკლი სეიაშვილმა დაადასტურა, რომ შესაძლოა მისი შვილის თითის ანაბეჭდები ამ მანქანაზე იყოს, რადგან ეს მანქანა მისი შვილის მეგობარს ეკუთვნის.

„ეს არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობრის ავტომობილი. 5 წლიდან მეგობრობს ამ ადამიანთან, ისევე როგორ მისი მშობლები არიან ჩემი ბავშვობის მეგობრები. თავისთავად ცხადია, ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს მათთან ურთიერთობა. ამ მანქანაზე არის რამდენიმე ადამიანის თითის ანაბეჭდი, მათ შორის ჩემი შვილის. ეჭვი არ შეეპარება საღად მოაზროვნე საზოგადოებას, რომ ეს ბუნებრივი ფაქტია, რომ მანქანაზე რამდენიმე ადამიანის თითის ანაბეჭდია, მითუმეტეს მისი ბავშვობის მეგობრის“- აღნიშნა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, სკანდალური ინფორმაცია თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.

ენმ-ში განმარტეს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც სუს-ის ხელმძღვანელობა, ასევე მთავარი პროკურორიც. თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, მათ დანაშაული დაფარეს.

იტვირთბა....