მარტის დასაწყისში ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხი განხილვის საგანია.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემ სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ მას კონკრეტული პირების სახელებისა და გვარების სანაცვლოდ საპროცესო გარიგება შესთავაზეს. სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო აქციის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა.
დეტალებზე არ საუბრობს ბრალდებულის ადვოკატი პაატა შავაძე, თუმცა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმების შეთავაზება მიიღო. პროკურატურაში ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
შეგახსენებთ, რომ 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დაკავება ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით ისინი დაკავებულნი არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკია თბილისში, ხოლო მერაბ ღოღობერიძე კი ბათუმში დააკავეს.