საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. სორინ გრინდეანუმ ქართველ კოლეგას ვიქტორიას სასახლეში უმასპინძლა.
როგორც მთავრობის ადმინისტარციის პრესსამსახურიდან იუწყებიან, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და სორინ გრინდეანუმ მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა, როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება-საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.