აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს აღკვეთი ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი პროცესი 20 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ირაკლი ჩხვირკიას დედის განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ციცო ჩხვირკიას თქმით, მის შვილს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია.
”ჩემი შვილი უდანაშაულოა. მე დასაკარგი არაფერი მაქვს. ერთადერთი შვილი ობლობაში, გაჭირვებაში, ლტოლვილობაში მყავს გაზრდილი”, – განაცხადა ციცო ჩხვირკიამ.
საქმის პროკურორების განცხადებით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.