ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

თურქეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციას საქართველომ მხარი არ დაუჭირა

თურქეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის თანახმად, თურქეთი პოსტ-მონიტორინგის ეტაპიდან ისევ მონიტორინგის ეტაპზე დაბრუნდეს. რეზოლუცია ევროსაბჭომ 113 ხმით 45-ის წინააღმდეგ მიიღო.

ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზში დებატები ორ საათს გაგრძელდა. გამოსვლებში ასამბლეის წევრები თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებდნენ და მკაცრი განცხადებებით გამოდიოდნენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების საპასუხოდ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

“ჩვენი ქვეყანა უპირისპირდება ყველაზე მკაცრ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ისეთებს როგორებიცაა PKK, FETO  და DAESH. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო შეთანხმებებს, ვიღებთ საჭირო და აუცილებელ ზომებს იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი ხელს უწყობს მთელი ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და მასპინძლობას უწევს 3.2-მდე მილიონ დევნილს, ასევე წინააღმდეგობას უწევს ტერორისტულ ორგანიზაციებს.

თუ გავითვალისწინებთ თურქეთის მხრიდან ევროპულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ზრუნვას, ამ ფონზე ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აჩვენებს, რომ ასამბლეა არ იცავს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროპა.

მიუხედავად ასეთი უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებისა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, თურქეთი გააგრძელებს თავის მცდელობას, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლება დემოკრატიული სტანდარტების, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევის გარეშე”, – წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....