ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

რატომ არ იღებს გოგა ხაჩიძე ჯგუფ “სახეს” საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას

ჯგუფი “სახეს” ყოფილი წევრი და ყოფილი დეპუტატი,  გოგა ხაჩიძე, ჯგუფის საიუბილეო კონცერტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მან კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა:
“სა – ერთოდ ვფიქრობდი არაფერი მეთქვა ამ ამბავზე, მაგრამ ბევრი მეკითხება და შევეცდები ჩემი პოზიცია ნაწილობრივ ავხსნა…
ნ ა წ ი ლ ო ბ რ ი ვ . . .

 

მესმის, ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ „სახე” ჩემთვის ის მუსიკაა, ის ეპოქა, ის კონტექსტი, ის ქვეყანა და ის რეალობა, რომელიც იყო.
არ მიმაჩნია სწორად, ახლა ხელოვნურად შევიკრიბოთ
და მსმენელს ათასჯერ გადამღერებული, გადაკეთებულ/გადმოკეთებული სიმღერები, ისევ ერთად ვუმღეროთ.

 

და როგორ უნდა ვუმღეროთ?…
მარტო სიმღერაც ხომ არაა…
რას გამოვასხივებთ?
-არ ვიცი.
გულწრფელები ვიქნებით სცენაზე?
-ვერა.
თავის დროზე, „სახე” ერთი მთლიანი იყო.
საერთო საქმე და ცხოვრება გვქონდა, ერთად ვფიქრობდით, ერთად ვგეგმავდით, ერთად ვათენებდით ღამეებს სტუდიაში, ერთად ვიხარშებოდით მურტალი ეპოქის ყოველდღიურობაში.

 

ახლა, ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენ-ჩვენი საკმაოდ განსხვავებული პრინციპები, ხედვები და მიზნები (მათ შორის მუსიკაშიც).
ისიც მესმის, რომ უამრავი მსმენელი მიიღებს სიამოვნებას წარსულის გახსენებით, ძველი სიმღერების მოსმენით.
ბევრიც ჩემზე გაბრაზდება, როგორც დისონანსის შემომტანზე ამ „ჰარმონიაში”.

 

არაა პრობლემა, მესმის.
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ კაცებს (ბიჭებს მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჰა…)
მე არ ვმონაწილეობ „სახე20″ -ში და ამით, იმ „სახე”-ს გადარჩენასაც შევუწყობ ხელს მეხსიერებაში, მთელი თაობისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, ბედნიერების და აღტაცების მომტანი რომ იყო.

 

p.s. ბევრი წლის ინტერვალის შემდეგ, ჩემი შვილი პირველად რომ წავიყვანე ცირკში, მთელი წარმოდგენა გაოცებული ვაცეცებდი თვალებს და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ეს ხომ ნამდვილად ის შენობაა, ბავშვობაში მშობლებს რომ მოვყავდი და აღტაცებული ვიყავი მისი გრანდიოზულობით და სილამაზით?!… რა დაემართა, როგორ დაპატარავდა ასე?!…
ყველაფერს თავის დრო აქვს”, – წერს გოგა ხაჩიძე.

“სახის” კონცერტი 14 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ამ დღეს ჯგუფს ვარსკვლავს გაუხსნიან.

ბილეთების ფასი 20 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს.

 

იტვირთბა....