ოზურგეთში ძლიერი ქარის გამო 1 კაცი გარდაიცვალა. გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები მურმან ნაცვლაძე სახლის სახურავზე ასვლას ცდილობდა, თუმცა ქარმა გადმოაგდო და ადგილზე დაიღუპა. გურიის გამგებლის გია სალუქვაძის განცხადებით, ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა ადამიანმა.
“მურმან ნაცვლაძე მასწავლებელი იყო კოლეჯში, ახალგაზრდა კაცი. მიადგა კიბე სახლს, რომ სახურავზე არსებული დაზიანება გაესწორებინა. ამ დროს მოცურდა კიბე და დაიღუპა ადგილზე. დაშავებული გვყავს კიდევ ერთი მოქალაქე, შევარდნაძეა გვარად. ის მიდიოდა გზაზე, ამ დროს დაეცა ნაძვი და სამი პირიდან ერთი მოქალაქე დაზიანდა. მას აქვს ხერხემლის მალები და ნეკნები დაზიანებული”, -განაცხადა გია სალუქვაძემ.
რაც შეეხება ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს, გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, გრიგალმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები და ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები. მისი თქმით, მხოლოდ ოზურგეთში 150-ზე მეტი სახლია დაზიანებული.
წყარო:”ინტერპრესნიუსი”