ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.
ისინი დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს.
ბათუმის მოვლენების ერთ-ერთმა მონაწილე, ირაკლი ჩხვირკვიამ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო და “თავისუფალი ზონის” სახელით საქმიანობდა, 12 მარტის ღამეს, ხელისუფლებას არაერთი ულტიმატუმი წაუყენა, მათ შორის ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება და შს მინისტრთან შეხვედრა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ის პარტიიდან 13 მარტს გარიცხა.
რაც შეეხება მერაბ ღოღობერიძეს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის” ხელმძღვანელია. ღოღობერიძე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით 18 მარტს დაიკითხა.პოლიტიკოსთა ნაწილი სწორედ ღოღობერიძეს ასახელებდა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მერაბ ღოღობერიძე კი ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან კავშირს უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
11-12 მარტის ბათუმის მოვლენების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში 18 პირი ამჟამად იმყოფება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურიდან 1 პოლიციელიც გაათავისუფლეს.