საკონსტიტუციო ცვლილებებში მკაფიოდ გაიწერა სამი ფუნდამენტური პრინციპის მნიშვნელობა – ეს არის დემოკრატიის პრინციპი, სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი – ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციის ყველა თავს ეხება.
„მე მინდა, ძალიან მოკლედ მიმოვიხილო ის დოკუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შემუშავდა და მინდა, ხაზი გავუსვა იმ ძირითად ცვლილებებს, რომელიც შევიდა საქართველოს ძირითად კანონში. ფუნდამენტური ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის ყველა თავს. დოკუმენტი გასწორდა, როგორც იურიდიული ტექნიკის ისე კონცეპტუალურ-შინაარსობრივი თვალსაზრისით.
პირველ თავში, მაგალითად, დაიხვეწა რეგულაციები, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ენასთან, განმტკიცდა სახელმწიფო ენის დაცვის კონსტიტუციური გარანტიები, ასევე შეიქმნა ძალიან მყარი გარანტიები ჩვენი სახელმწიფო სიმბოლოების დასაცავად. ძალიან მკაფიოდ გაიწერა სამი ფუნდამენტური პრინციპის მნიშვნელობა – ეს არის დემოკრატიის პრინციპი, სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი და ეს არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. გვაქვს ასევე, სპეციალური მუხლი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არის მთელი რიგი გარანტიები, რომელიც არის დაკავშირებული ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან და არის აწეული სტანდარტი კონსტიტუციის შესაბამისი ჩანაწერებით. ასევე, გაწერილია გარანტიები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კონსტიტუციის მეორე თავში ჩნდება ახალი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებას.
უმნიშვნელოვანესი დაზუსტება ეხება სოციალურ უფლებებს, მაგალითად ჯანმრთელობის დაცვის უფლებას,სადაც მკაფიო სტანდარტი არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მომსახურების უზურნველყოფის, დადგენილია, რომ სახელმწიფო დაზღვევა, როგორც ხელმისაწვდომი და ქმედითი სამედიცინო დახმარების საშუალება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეთათვის სახელმწიფოს მიერ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს დღეს უყრიან კენჭს.