“ქართული ოცნების” დეპუტატი ნუკრი ქანთარია პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ახალ ინიციატივას აფასებს, რომელიც წვევამდელებს დაეხმარებათ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაივადონ. ქანთარიას თქმით, “გირჩმა” ალბათ მარიხუანის მოსავალი მიიღო:
“მარიხუანას მოსავალი მოიმკეს უკვე? რა ვიცი, მე მგონი, ძალიან ღრმად შევიდნენ უკვე და, ალბათ, დასვენება სჭირდებათ,”- განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია “გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდებს კი კანონში არსებული ჩანაწერის საფუძველზე ჯარში გაწვევისგან გათავისუფლება შეუძლიათ.
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე “ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუკი ის სასულიერო პირია.
“გირჩის” წევრებმა ორგანიზაცია, სახელწოდებით “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძეა.
პარტია წვევამდელებს სთავაზობს გაერთიანდნენ მათ მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაციაში, მიიღონ შესაბამისი ცნობა და ამ გზით აარიდონ თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
როგორც პარტიის წევრები ამბობენ, თვეების განმავლობაში მათ უამრავი წვევამდელი მიმართავდა დახმარების მოთხოვნით, რის შემდეგაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს.