შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე ავტომობილების რაოდენობა 16,8 % გაიზარდა.
კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა. ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო „ჰეჩბეკი“ ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე.
2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% – აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა.