“თავისუფალი ზონის” საიტის ხელმძღვანელი, მარიამ ბაშარული, ფონიჭალაში სასტიკად მოკლული დედა-შვილის სკანდალურ საქმეზე სოციალურ ქსელში წერს:
“ჯერ კიდევ 2016 წლის 29 ივლისს მწერდა გიორგის დედა ქალბატონი ხათუნა, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა. ის საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვდა, სჯეროდა რომ გიორგი უდანაშაულო იყო და ფაქტებსაც ასახელებდა. უსახსრობის გამო გიორგის სახაზინო ადვოკატი დაენიშნა, რომელიც დედასთან კონტაქტზე არ გადიოდა და ალბათ სულ ერთიც იყო მისთვის რამდენად სამართლიანად წარიმართებოდა სასამართლო პროცესი. გთავაზობთ ქ-ნი ხათუნას წერილს:
“ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო! ბოდიშს ვუხდი საკუთარ შვილს და საზოგადოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის გარეწრებს უკვე მეორედ მივეცი საშუალება თავიანთი ბინძური ხელები შეეწმინდათ ჩემ შვილისათვის. რა სიამოვნებით აცხადებენ რომ ,,მრავალჯერ ნასამართლევმა” პირმა ჩაიდინა ეს მართლაც უმძიმესი და ამაზრზენი დანაშაული. ვაცხადებ, ჩემი შვილი არ არის მრავალჯერ ნასამართლევი. იმ ერთხელაც ჩემს თავს ვადანაშაულებ. არ უნდა დამეშვა, არ უნდა მიმეცა საშუალება ჩემი შვილისათვის საკუთარ თავზე აეღო ის, რაც არ ჩაუდენია. გარდაბნის პოლიციის წინ უნდა დამეწვა თავი, მაგრამ მორწმუნე ვარ და ვერ ჩავიდინე. უნდა გამეკეთებია ჩემი შვილის, თქვენი შვილების და საერთოდ, ყველა უდანაშაულო, ძალად გაკრმინალებულების გადასარჩენად! მე გულწრფელად მჯეროდა, რომ სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს! ამაოდ, ჩემი წვალებით, მარტოობაში გამოზრდილი შვილი, რომელსაც მამა აფხაზეთის ომში მიღებული ტრავმების შემდეგ დაეღუპა, საჯიჯგნად შევატოვე უნამუსი ვამპირებს, რომლებიც საკუთარი თანამდებობა-კეთილდღეობისათვის ნებისმიერზე წავლენ.
P.S. ცნობისათვის ,, ” სინამდვილეში-ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჩემი შვილი გიორგი მეგობრებთან ერთად ჩაჯდა ნაცნობის ტაქსში. მოილაპარაკეს თანხაზე და წავიდნენ ზემო ფონიჭალაში. გზაში ჩემს შვილს და ედუიარდ ბაზოიანს ჩაეძინათ. ზემო ფონიჭალაში მისვლისთანავე ტაქსისტმა ფხიზლად მყოფ ბიჭებს მოსთხოვა ხუთი ლარის დამატება. ტაქსის მძღოლს და ბერდიას მოუვიდათ შელაპარაკება, რაც დასრულდა იმით, რომ ტაქსის მძღოლს გაუყარა დანა მუცლის არეში. ამ დროს ახლად გაღვიძებული ჩემი შვილი ეჩხუბა ბერდიას, ის გაიქცა. ტაქსის მძღოლი დღემდე მადლობელია ჩემი შვილის, რომელმაც ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა. იმ საქმისთვის ,,მავანნი” დაწინაურდნენ და დღემდე სასათბურე პირობებში მყოფებიან.
პროკურატურამ ხომ ,,გახსნა” საქმე, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიხდის სასჯელს?”
მე არ ვიცი ვინ არის დამნაშავე, ვინ არის უდანაშაულო, ფაქტია რომ დედა-შვილი სასტიკად იქნენ მოკლულნი. არ ვიცნობ საქმის მასალებს და შესაბამისად ჩემეულ დასკვნასაც ვერ გავაკეთებ.”-წერს ბაშარული.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.
როგორც სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, ხმათა ფარდობითობა იყო 10 ხმა 2-ის წინააღმდეგ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება პატიმრობის ვადას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე იმსჯელებს ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს პატიმრობის სახად რა ვადა განესაზღვრება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.