“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.
როგორც პარტიის ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ქართული ოცნების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას.
„ამ სიტუაციაში აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს ქართველ ხალხს.
სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების თემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.