საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩანაწერის გაკეთება ადეკვატური ნაბიჯი არ არის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხის ნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის არის მთავარი გარანტი და არა ჩანაწერი.
„რაც შეეხება ევროატლანტიკურ კურსს, გულწრფელად გეტყვით, რომ მე როგორც ჩემი წინა პოლიტიკური ცხოვრებით, ასევე როგორც პრეზიდენტი, მუდმივად აქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაღრმავებასა და ჩვენს მისწრაფებაზე ნატო-სკენ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ მიმაჩნია, რომ ეს ადეკვატური ნაბიჯია.
ქართველი ხალხის ნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის არის მთავარი გარანტი და არა ის ჩანაწერი, მით უმეტეს ჩანაწერი, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
როგორც მარგველაშვილი განმარტავს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩანაწერი კონკრეტულად რაღაც პოლიტიკური დისკუსიის თუ პოლიტიკური შეთანხმების შედეგია.
„კონსტიტუციაში პოლიტიკური მიმართულებები, ამა თუ იმ ალიანსში გაწევრიანება, ხომ შეიძლება ჩაგვეწერა მაშინ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა ვიყოთ, გაერო-ს წევრი უნდა ვიყოთ, ევროკავშირის, ნატო-ს წევრი უნდა ვიყოთ, ამის ჩაწერა გულწრფელად რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსის ძალიან ერთგული როგორც გამტარებელი, ისე იდეურად ამის მომხრე პოლიტიკოსი ვარ, არ მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციაში უნდა ეწეროს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.