გორში, კარალეთის ბაზაზე, გარდაცვლილი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის, სოსო ანესაშვილის ადვოკატი და ოჯახის წევრები მის გარდაცვალებაში დამნაშავე პირების ბრალეულობის დადგენას მოითხოვენ.
ადვოკატის თქმით, მათ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოება, რომ ოჯახი ამ დრომდე დაზარალებულად არ არის ცნობილი და ამასთანავე მოთხოვნის მიუხედავად მათ არ აცნობენ გამოძიების მასალებს და ექსპერტიზის პასუხს.
შეგახსენებთ, კარალეთის ბაზაზე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი გარდაიცვალა. სოსო ანესაშვილი წვრთნაში მონაწილეობდა. შემთხვევა 25 თებერვალს მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ის საბრძოლო წვრთნის დროს სატვირთო მანქანაზე ასვლისას, სავარაუდოდ არასწორმა მანევრირებამ იმსხვერპლა.
ანესაშვილი გორის საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ავტომანქანის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სამინისტროს ცნობით, შემთხვევა სპეცრაზმის ტერიტორიაზე არ მოხდა, მათი თქმით, სოსო ანესაშვილი სოფელ კარალეთთან, ასფალტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღუპა. სპეცდანიშნულების ბაზა კი რამდენიმე მეტრში მდებარეობს.