ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველი მეზღვაურის სამძებრო სამუშაოებში მაქსიმალურად ჩავერთვებით”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმალურად ჩაერთვება შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრის სამძებრო სამუშაოებში.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს ჩართულობა. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ქართველთან დაკავშირებით, არ დადასტურდება და ასევე, ყველა დაკარგულის მოძიება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში მაქსიმალური იქნება. ჩვენ ვართ კონტაქტზე“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი შავ ზღვის აკვატორიაში ჩაიძირა. გემის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრს შორის უკრაინის ცხრა, რუსეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე იყო.

კატასტროფის ადგილზე ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ეკიპაჟის შვიდ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ. პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული. საზოგადოებრივი საქართველოს საგარეო უწყებას დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, ამ წუთებში დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

იტვირთბა....