ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთში აქციის მონაწილეები ერდოღანის გადადგომას ითხოვენ

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. დემონსტრანტები საპროტესტო მსვლელობას ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მართავენ.

აქციის მონაწილეები რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი დაშლას არ აპირებენ და ერდოღანის გადადგომას ითხოვენ.

როგორც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა, რამდენად მასობრივ ხასიათს მიიღებს აქციები, ამ ეტაპზე უცნობია. მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, რეფერენდუმში მონაწილეთა დაახლოებით 51-მა პროცენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. აღნიშნული ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებას აფართოებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანს ასევე შესაძლებლობა ეძლევა, ქვეყნის სათავეში 2029 წლამდე დარჩეს.

იტვირთბა....