საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე იაკობი ქადაგებისას, როცა პატრიარქის მკვლელობის მცდელობის შესახებ საუბრობდა, ეყრდნობოდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა “ტვ პირველთან” განაცხადა:
“სრულიად ვეთანხმები მეუფე იაკობის პოზიციას, ვინაიდან გარდა იმისა, რომ სამართლებრივი კანონმდებლობა არსებობს, არსებობს საეკლესიო ნორმებიც. მღვდელმთავარს აქვს უფლება სინანულისკენ მოუწოდოს სასულიერო პირს. საზოგადოების გარკვეული ფენებისთვის ყველაფერი კარგად ცნობილია, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმციას ვერ არღვევენ და ყველაფერს ვერ ამბობენ. ალბათ აქვს მეუფე იაკობს ამის თქმის საფუძველი. მეუფე ყოველთვის ამბობს იმ ინფორმაციას, რაც მას გააჩნია. გარკვეული ფენებისთვის, გამოძიებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა ცნობილი. გამოძიებას მეუფე იაკობისგან განსხვავებული პოზიცია არ აქვს, უბრალოდ, არსებობს შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები-სამართლებრივი და საეკლესიო.”-განაცხადა იურისტმა “ტვ პირველთან”.
მეუფე იაკობის განცხადებას “ტვ პირველთან” დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც გამოეხმაურა:
“გაკვირვებული დარჩა მამა გიორგი (მამალაძე) მეუფე იაკობის ამ განცხადებით. რომ გავეცანით ამ ქადაგებას, ძალიან გასაკვირი იყო, რადგან მის კომპეტენციას აღემატებოდა ეს შეფასება. გამოძიებამ მოიპოვოს უტყუარი მტკიცებულებები, იმ ბრალდებისთვის, რაც მამა გიორგის წაყენებული აქვს. ეს შეუძლებელია, რადგან მტკიცებულებები არ არსებობს”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს, ქადაგებისას, თქვა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა:
“უფალო, დიდი მადლობა, რომ აგვარიდე ძალიან მძიმე დანაშაულს, რომლის შემდეგაც უდიდესი წყევლა გადმოვიდოდა ჩვენს ერზე და როგორც მოსიყვარულე მამამ, არ მიეცი უფლება და საშუალება, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ და მე არ მჭირდება და არც შენ არ გჭირდება, უფალო, უდანაშაულობის პრეზუმცია. ვიცით, რაც ხდებოდა. გულწრფელად მეცოდებიან ისინი. მადლიერი ვართ შენი, რომ აარიდე იმ აზრს და თუ შეინანებენ, აბსულუტურად არავინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სინანულის მერე გვერდში არ დავუდგებით და ჩვენც ვიტვირთავთ მერე მაგ უმძიმეს დანაშაულს”, – განაცხადა ქორეპისკოპოსმა.
პროკურატურის ბოლო ვერსიით, მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე.
პროკურატურა საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ სხვა ვერსიაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.