„ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“, – ამგვარად შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის 18-19 აპრილისთვის დაგეგმილი სოხუმში ვიზიტი.
„რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სოხუმში ეს არ არის პირველი ვიზიტი. ეს არის ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი. მე იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რეალურად რა ვითარებაში იმყოფება დღეს რეგიონი, რას ნიშნავს აგვარი ვიზიტები და რუსეთის ექსკლუზიური გავლენა რეგიონზე, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს აქვს ექკლუზიური გავლენა. ვფიქრობ,ეს ვიზიტიც სწორედ ამ ჭრილში შეიძლება იქნას განხილული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან საქართველოს ხელისუფლების მიდგომასა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებაზეც ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შეფასება მხოლოდ ერთი, იმ პოზიციიდან გამომდინარე იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას – ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, დეოკუაპციასთან ერთად დეესკალაციის პოლიტიკაც გავატაროთ. ჩვენი გზავნილი რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული დაპირისპირებაში, რეგიონში უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი აქტორია და ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ეს არის წითელი ხაზი – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პატივისცემაა“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
სერგეი ლავროვი სოხუმში დღეს რაულ ხაჯინბას ხვდება. რუსი მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალში.