მთავრობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ მოქმედი კანონის გაუქმებისა და ახლის მიღების ინიციატივით გამოდის. კერძოდ, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ პროექტში ნათქვამია:
”საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარე სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების განხორციელებისას (ელექტროსადგურების, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და სხვ.) ხშირად დგება კერძო საკუთრების ჩამორთმევის აუცილებლობა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა შეიცავს რიგ ხარვეზებს, რითაც ხშირ შემთხვევაში, ხელი ეშლება მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების დროულად განხორციელებას, ხოლო მესაკუთრეთა უფლებების დაცვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი უფრო მაღალი სტანდარტები და მესაკუთრეები უკეთ იყვნენ ინფორმირებულები ამ პროცესში თავიანთი უფლება-მოვალეობების თაობაზე”.
ეს გულისხმობს მოქმედი კანონისგან განსხვავებით, მორიგებითი და იძულებითი განსახლების წესს, რაც თავის მხრივ, აუცილებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სამუშაოების ან პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების მიზნით უნდა განხორციელდეს.
პროექტის მიხედვით, მორიგებითი განსახლებისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების ან პროექტის განმახორციელებელი საექსპროპრიაციო ქონებას იღებს ამ ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
იძულებითი განსახლება მოიცავს ექსპროპრიაციას (სახელმწიფოს მიერ საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან გასხვისება), რომლის დროსაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების ან პროექტის განმახორციელებელი საჭირო ქონებას იღებს მასზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით, რაც ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით – კომპენსაციის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
ამასთან, პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია ნაწილობრივ უბრუნდება, რაც ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე გავრცელდება.
კერძოდ, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონპროექტით, სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.

