თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ევროკავშირში ეხმაურებიან. საერთო განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ავრცელებენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს თუ რა მცირე განსხვავებით გაიმარჯვეს კონსტიტუციაში ცვლილებების მომხრეებმა და ოფიციალურ ანკარას ეროვნული კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებენ.
ოფიციალურ ანკარას სიფრთხილისკენ მოუწოდებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თორნბიორნ იაგლანდი.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად იყოს დაცული. ევროპის საბჭო, რომლის სრულუფლებიანი წევრია თურქეთი, მზადაა დაეხმაროს ქვეყანას ამ პროცესში,” – ნათქვამია იაგლანდის განცხადებაში.
თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმში საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის მომხრეთა გამარჯვების შესახებ გააკეთა განცხადება. წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ამომრჩევლების 51.3 პროცენტი ემხრობა. ხოლო წინააღმდეგი 48.6 პროცენტია. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რეფერენდუმს ისტორიული უწოდა. მან ერთ-ერთ პირველ ამოცანად, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა დაასახელა.