გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები. სამინისტროს თქმით, დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში სანქცია იქნება მკაცრი.
„ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სანქციებს – მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
1. 2 კგ- მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს ანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსისაგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. 1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.