საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
“ის, რომ ივანიშვილი ძალიან ბევრს ეხმარება ფინანსურად, სულ არაა კარგი საქმე სინამდვილეში.
პირველი იმიტომ, რომ საერთო ჯამში არც არავინ დაუფასებს და მხოლოდ უხერხულობის დროს იმჩნევენ ხოლმე, უმადლიერო საქმეა.
მეორე იმიტომ, რომ ამგვარი დახმარებები მხოლოდ იმას ამტკიცებს, რა უსარგებლო და სოციალურად უსამართლოა სახელმწიფო, ხოლო ხელისუფლება საზოგადოების ნაწილის მიმართ მაინც, სხვისი ხელით ძვრება და პასუხისმგებლობას გაურბის. ნებისმიერი მინისტრი სხვისი ხელით გაღებულ დახმარებებს კი არ უნდა უთვლიდეს პირებს, არამედ დარგობრივად რა სისტემა შექმნა და რამდენად დაცულია სახელმწიფოს თუ ადამიანის ინტერესები ამ სისტემაში.
მესამე იმიტომ, რომ ამგვარი დახმარებები, დამხმარებლის მიმართ დამოკიდებულს ქმნის ადამიანს და ეს კრიტიკულ აზროვნებას ძალიან უშლის ხელს, მითუმეტეს, როცა ე.წ. საზოგადოებრივი პირები იგულისხმებიან, ინტელექტუალური ნაწილი, აზრთა ლიდერები, კოლორიტები და ა.შ.
მეოთხე კიდევ იმიტომ, რომ ასეთი დახმარება-გარიგებებით არც დარგები იქმნება, არც საზოგადოება იქმნება და ყველაზე მთავარი, სამწუხაროდ, არც სახელმწიფო იქმნება, იქმნება მხოლოდ კონფორმისტების გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც დავალებულობის გამო სიჩუმის ზონაში გადადიან და ამით უფრო მტრობენ სახელმწიფოს და ხალხს”- წერს გამზარდია.