ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაუნახავები არ უნდა ვიყოთ”: ზურა ყიფშიძე ივანიშვილზე საუბრობს

 

“დაუნახავები არ უნდა ვიყოთ-ერთი ადამიანი გვივლიდა და გვივლის ამდენი წელია, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ მას.”-ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერია”-ს ეთერში, მსახიობმა  ზურა ყიფშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსახიობებს არასოდეს უხდიდნენ საქართველოში იმდენ ხელფასს, რამდენსაც ისინი იმსახურებდნენ:

“ჩვენ უნდა გავმიჯნოთ სახელმწიფო წარმომადგენლებისა და კულტურის წარმომადგენლების დამოკიდებულება ხელოვნებისადმი. მსახიობებს არასოდეს უხდიდნენ საქართველოში იმდენ ხელფასს, რამდენსაც ისინი იმსახურებდნენ. მსახიობი “სცენის მტვერს”, რომ შეიგრძნობს, ის არსად არ წავა. მაინც ითამაშებს.”-განაცხადა ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მსახიობთა ნაწილი დღემდე იღებს ხელფასს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რეპორტიორთან” მსახიობ ზურა ყიფშიძის შემოსავლებზე საუბრისას განაცხადა, რომ  ზურა ყიფშიძეს ყოველთვიურად ხელფასი რამდენიმე ინსტიტუციიდან ერიცხება:

„ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებით მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენს. სამწუხაროდ, გუშინ როდესაც კულტურის მინისტრი ჩაერთო ტელეკომპანია „TV პირველის” ეთერში, მას არ ჰქონდა უფლება, დაესახელებინა ხელფასის ზუსტი ოდენობა, ინფორმაცია არის პირადი და ამას კანონი კრძალავს.

თუ ზურა ყიფშიძე წერილობით განაცხადებს, გაასაჯაროებს ან ნებას მოგვცემს, რომ ჩვენ გავასაჯაროოთ ეს ინფორმაცია, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ, რადგან საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.

თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ მას ყოველთვიურად ხელფასი რამდენიმე ინსტიტუციიდან ერიცხება. აქედან ორი თეატრია: თუმანიშვილის და მარჯანიშვილის, მას ასევე აფინანსებს ფონდი „ქართუ” და შემოსავალი აქვს ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან”, სადაც ის გადაცემის წამყვანია” , – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა სააგენტო “რეპორტიორთან”.

მანამდე, მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„მსახიობებმა მომწერეთ, ვინც ხართ თანამოაზრეები. იმისათვის რომ ჩამოვყალიბდეთ, ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს. არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას, ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით. უკულტურო სამინისტროსი მრცხვენია და ყველა ფსევდოკულტურის მოხელეები მძულს, პირფერები და ერთი ადგილის მიმცემები. არავინ არ ფიქრობს წლების მერე მათ როგორ მოიხსენიებენ, იმიტომ რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ. მე პირადად ამომივიდა ყელში ამდენი უცოდინარის ყურება. სერიოზულად ვამბობ, დავთქვათ თარიღი, შევიკრიბოთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, დავკვალიანდეთ და ნაბიჯი გადავდგათ. ორგანიზებას ჩემს თავზე ვიღებ, რომ ადვილად დავკვალიანდეთ“ , – წერს ყიფშიძე.

გადაცემა “რეაქციაში” კი კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ამ თემაზე საპასუხოდ განაცხადა:

“ზოგმა ხელმძღვანელმა შეუმცირა ხელფასი იმ მსახიობებს, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყვნენ დაკავებულნი სპექტაკლებში. ზოგან იყო გადაწყვეტილება ყველასთვის ერთნაირად – 10%-ით შემცირების თაობაზე. ასე რომ, ეს იყო თითოეული ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. იმ ბიუჯეტის პირობებში, რა ბიუჯეტიც თეატრებს აქვთ, ალბათ, თავად თეატრის ხელმძღვანელების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, მოიძიონ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და ამის შესაძლებლობას სწორედ კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ თეატრების ხელმძღვანელები, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ბიუჯეტიდან ელოდებიან საკუთარი ბიუჯეტის გაზრდას”,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

იტვირთბა....