საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საარჩევნო სისტემის, მანდატების გადანაწილების და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით თავის პოზიციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი ხმა “ერთი და დამოუკიდებელი” იქნება.
გთავაზობთ მისი პოსტის სრულ ვერსიას:
“საკონსტიტუციო საკითხებზე არასამთავროების პოზიციები ასე არის ჩამოყალიბებული:
1 – საარჩევნო სისტემა და მანდატების გადანაწილების წესი: შემოთავაზებული ვერსიით, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია”….
2 – პრეზიდენტის არჩევის წესი: შემოთავაზებული ვერსიით, უქმდება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და ის არაპირდაპირ, პარლამენტის მიერ აირჩევა. დემოკრატიის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული.”
ძალიან მაინტერესებს, რატომ არის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა უფრო დემოკრატიული და უფრო ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველი (რასაც ვეთანხმები მე პირადად) და რა ნიშნით მაჟორიტარულ სისტემით არჩეული დეპუტატზე არ ვრცელდება ეს შეფასება და იგნორირებულია, რომ მაჟორიტარული სისტემა ანუ პიროვნული და არა პარტიის მიერ დადგენილი სიით არჩევანი უფრო დემოკრატიულ სისტემას წარმოადგენს, რამეთუ ზრდის ამომრჩევლის და ამორჩეულის შორის კავშირს, პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას…
როგორ გავიგოთ, რომ ასე, უსიტყვოდ და უარგუმენტოდ, არასამთავრობოები მხარს უჭერენ აბსოლუტურად პარტიული სისტემის დამკვიდრებას საქართველოში, ქვეყანაში სადაც პარტიების მიმართ ნდობის ფაქტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი… ამ მეორე საკითხის მიმართ, უმრავლესობა და არასამთავრობოები მგონი თანხმდებიან.
ჩემი პოზიცია კი ნათელია: მე მომხრე ვარ პრეზიდენტის არჩევანის პირდაპირი სისტემით მოქალაქეებისგან რამეთუ პრეზიდენტი მათი უფლებების და კონსტიტუციის გარანტორია და არა პოლიტიკურ პარტიულ გათვლებზე დამოკიდებული. ასევე (და მგონი ლოგიკურად) მომხრე ვარ სრულ (ანუ ყველა 150 დეპუტატის და არა ნახევარის) მაჟორიტარული წესით არჩევანის, რამეთუ, ეს არის ერთადერთი სისტემა რომელიც გარანტირებს იმ მჭიდრო კავშირს ამომრჩევლის და მის წარმომადგენლის შორის და დეპუტატს საკუთარ ამომრჩეველზე და არა შიდა პარტიულ გარიგებებზე დამოკიდებულს ხდის.
სამწუხაროდ ამ საკითხის გადაწყვეტილების მიღებისას ჩემი ხმა “ერთი და დამოუკიდებელი” იქნება !
როგორც ვხედავთ, ბევრ ქვეყნებში, ევროპა ამერიკაში, ტრადიციული პარტიები კარგავენ თავიანთ პოლიტიკურ მონოპოლიას და ყველაგან განიცდიან ავტორიტეტის შელახვას, ყველგან პიროვნებები იმარჯვებენ და მათი ძალა მოქალაქეებთან პირად კავშირზეა დაფუძნებული (ტრამპი ტვიტერით მართავს ქვეყანას)… ჩვენ კი, იმის მიუხედავად რომ რეალური და ეფექტური პარტიებიც არ გაგვაჩნია, ჯიუტად პარტიულ სისტემას ვაშენებთ, როცა მსოფლიო ახალ ფორმების ძებნაშია ჩართული”.