ჩეჩნეთში, ჰომოსექსუალ მამაკაცებს სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ, სადაც მათ უმოწყალოდ სცემენ და აწამებენ, აცხადებენ ადამიანის უფლებადამცველები.
გამომცემა „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, უფლებადამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ აღნიშნული თემით, რაც დამოუკიდებელმა რუსულმა გაზეთმა ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ დაახლოებით 100 ჰომოსექსუალი მამაკაცი დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს.
მათგან სამი მოკლულია. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის პრესსამსახურის უფროსი ალვი კარიმოვი ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში „ჰომოსექსუალები არ არსებობენ“.
„თქვენ ვერ დააკავებთ და აწამებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არ არსებობენ“,- განაცხადა კარიმოვმა „ინტერფაქსთან“ საუბრისას.
„ჩეჩნეთში რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ, სამართალადამცველებს მაინც არ მოუწევდათ მათ გამო შეწუხება, რადგან მათ საკუთარი ნათესავები გააგზავნიდნენ ისეთ ადგილას, საიდანაც ვერ დაბრუნდებოდნენ “, – აღნიშნა კარიმოვმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები ქალაქ არგუნის „ბანაკებში“ ჰყავთ დამწყვდეული. რუსეთის „ლგბტ“ მოძრაობის წევრის, სვეტლანა ზახაროვას განცხადებით, ორგანიზაცია დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ცდილობს.
„ისინი, ვინც მოახერხა თავი დაეღწია ბანაკისთვის, ყვებიან, რომ მამაკაცებს საშინლად ექცევიან, ამცირებენ, ელექტროშოკით აწამებენ და სცემენ, ხანდახან სასიკვდილოთაც“, – აღნიშნავს ზახაროვა.