ამ წუთებში მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ხვდებიან. რექს ტილერსონი მოსკოვში გუშინ დღის მეორე ნახევარში იტალიიდან “დიდი შვიდეულის” სამიტის შემდეგ ჩავიდა. სახელმწიფო მდივნის რანგში, ეს ტილერსონის პირველი ვიზიტია მოსკოვში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ეს ტილერსონის პირველი ოფიციალური ვიზიტია რუსეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანის რანგში.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრის თემა, სირიაში, ასადის რეჟიმის მომავალი და კონფლიქტის გადაჭრის გზებზე საუბარი იქნება. დასავლური მედიის ცნობით, ტილერსონი შეეცდება რუსეთი დაარწმუნოს, ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ჯერ-ჯერობით უცნობია, შედგება თუ არა მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 7 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სირიაში მდებარე შაირათის ავიაბაზა დაიბომბა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს “სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია” უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს „სუვერენული სირიისადმი აგრესიის ნათელი აქტია“, რომელიც ვაშინგტონს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.