ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების რეფორმის დიქოტომია: აქტივები და “პასივები“ – პროფესორ ცირა ბარამიძის შეფასება

დაანონსებული განათლების რეფორმის პარადოქსებიდან დღეს განვიხილავ ერთ-ერთს – აქტივებს ანუ ქონებას, რომელიც უსულოა, მაგრამ ძალზე აქტიური და აქტუალურია რეფორმატორთათვის; ხოლო „პასივებში“ ვგულისმობ არა ლინგვისტურ ვნებით გვარს, არამედ პასიურად მყოფ პროფესურას, 10 000-იანი ხელფასისა და ზეციდან სასწაულის მომლოდინეებს, იქნებ ჩვენ ჩვენი პასიურობოთ ამ დამანგრეველმა მეტეორმა გვერდი აგვიაროსო. მინდა მათ ბოდიში მოვუხადო, რადგან მათ ვეხები და ასევე მინდა იმედი გავუცრუო – ცდებიან; ეს ის აქლემია, ყველას კართან რომ დაიჩოქებს განათლებისა და მეცნიერების მოსაკვდინებლად, რიგითი მოქალაქე ხარ, თუ პროფესორი, ვერ გაგარჩევს – ამ დაანონსებული ხელფასის მომლოდინე ხარ, თუ დაწყებით კლასებში მისაყვანი წითელი ყელსახვევიანი შვილის მშობელი; ყველასთან მოვა. ასე რომ, ვინც აქტიური უნდა იყოს, დღეს, სამწუხაროდ, პასივშია მცირე გამონაკლისის გარდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი შორს არის საღვთო სიბრძნისაგან და დანაშაულია.

არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ დაანონსებული და მოქმედებაში მოსაყვანი რეფორმა, ჩხირკედელაობად შეფასებული (აკად. მ. ძანიძე), მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლური განათლების სისტემასთან. რეფორმა იზოლაციონიზმთან ერთად გამოიწვევს განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ვარდნას, იქნება დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპს…
რეფორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს ზოგადი განათლების შესახებ:

(მუხლი1, პ.2 – კერძო სკოლაც დაექვემდებარება სკოლის მართვის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, როგორც საჯარო),

ეწინააღმდეგება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩო-დოკუმენტს, რომელიც ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებს აერთიანებს;

ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან აფილირების შესაძლებლობას – 12 წლიან განათლებას (მუხლი 2, პ.მ),

ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების სისტემაში სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიზნებს – მუხლი 3, მე-2 ქვეპუნქტის ა პუნქტს ზოგადი განათლების ღიაობასა და აქვე ბ) ქვეპუნქტს – თანაბარ ხელმისაწვდომობას,

ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;

ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობას – მუხლი 7;

ეწინააღმდეგება ამგვარი რეფორმის მომზადების წესს – მუხლი 25.

ე.წ. რეფორმატორები ატყუებენ საზოგადოებას, რომ სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება ზოგადი განათლების სისტემაში. ხარისხის გასაუმჯობესებლად აბსოლუტურად სხვა აქტივობებია გასატარებელი და არა ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ზოგადი განათლების სისტემის მასწავლებლებს ვკითხავდი, ნუთუ ამ დარღვევებს ვერ ხედავთ? რატომ ხართ „პასივში“? სიკეთის დაპირება დიქოტომიურად შეიცავს მავნებლობას და ვის, თუ არა თქვენ, ეს უნდა გესმოდეთ.

დაანონსებული რეაფორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ:
ავტონომიასა და თავისუფლებას – დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა – მუხლი 2, პ.ბ.
ეწინააღმდეგება აკადემიურ თავისუფლებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლებას – დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა.

ხოლო მუხლებს ქონებასთან, ქონებით სარგებლობასა და მართვასთან დაკავშირებით (თავი XIV, მუხლი 84, მუხლი 85) – ხელისუფლება გამოიყენებს სათავისოდ. სწორედ აქ არის „ძაღლის თავი“ ჩამარხული… ამის შესახებ ცოტა ქვემოთ…
დაანონსებული რეფორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას:

თანასწორობის უფლებას – მუხლი 11;
კონსტიტუციის გადასინჯვის წესს – მუხლი 77;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას – მუხლი 78.

პარლამენტის რეგლამენტის მუხლს კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის წესების შესახებ – მუხლი 163.
სამართლებრივ სახელმწიფოში ამ რეფორმას ვერავინ განახორციელებს კონსტიტუციის შეცვლის გარეშე. კითხვა მაქვს კონსტიტუციონალისტ პროფესორ ი. კობახიძესთან – რამდენჯერ უნდა უარყოთ კონსტიტუცია? თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, რომ ეს ე.წ. რეფორმა ზღუდავს ევროპულ განათლებას, ეწინააღმდეგება ღირებულებებს, ხარისხიან განათლებას, არჩევანის თავისუფლებას, ევროინტეგრაციას, ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს? რატომ ატყუებთ საზოგადოებას „უფასო განათლების“ სიკეთეებით, როცა დაანონსებული რეფორმა რეტროგრადული და დიქოტომიურია; ეს არის მავნებლობა სიკეთის სახელით…
პასუხი არც თუ ისე რთულია – მიზანია ფული და იზოლაცია.
განათლება უფასო კი არა, ფასდაკარგულია (დე-ფაქტო პრეზიდენტი ამის დასტურია); უფასო ფულიდან მოყოლებული უფასო განათლების სიკეთისკენ კი გზა ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე დაპირებული „უფასო ფული“. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ხაფანგში მოქცეული განათლებისა და მეცნიერების სისტემა კი ის მძევალია სახელმწიფოს ხელში, რომელსაც ნებისმიერი „სიკეთის“ ჯგუფის ტოქსინით და ტვინების რეცხვის (Промывание мозгов) პროპაგანდით უფასოდ (უფრო ზუსტად, გადასახადების გადამხდელებისაგან შევსებული ბიუჯეტით) ისე მოწამლავს, რომ კიდევ 70 წელი აღარ ეყოფა, რადგან უკვე გამოცდილ რუსულ სისტემას დოზის გაზრდა ნამდვილად ეხერხება.
უფასო განათლების ხიბლნარევი ტყუილით „ოცნება“ განათლებასა და მეცნიერებას უყურებს ბიზნეს-მოგების პრინციპით, ზღუდავს სახელმწიფო უნივერსიტეტებს დარგების, კვოტების, ფაკულტეტების, პროფესურისა და სტუდენტის რაოდენობის მიხედვით, ამცირებს ინვესტირებას და ზრდის ბიუროკრატიას; ამავდროულად, დიდ „გასაქანს“ აძლევს კერძო უნივერსიტეტებს სწორედაც რომ მოგების თვალსაზრისით, თორემ ის დარგები, რომლებისთვისაც უცხოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოდიოდნენ, ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტებშია და ამ უნივერსიტეტებისთვის უცხოური პროგრამები ეკონომიკური შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მოკლედ, რომ განზე გადავდოთ დროებით ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების საკითხი და მხოლოდ ხელისუფლებისთვის ჩვეული აღებ-მიცემობის პრინციპით განვიხილოთ, დავინახავთ, რომ რეფორმის მიზანი მორჩილი სტუდენტობისა და პროფესურის მიღების პარალელურად აქტივების ხელში ჩაგდებით ბიზნეს-ინტერესებია. იკითხავთ, როგორ? ეს ქონება ხომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკუთვნით?
აკადემიური სივრცეები სწორედ ვაკე-საბურთალოს ადგილებია, ბიზნესისთვის ფრიად საინტერესო; ამ რეგიონში კონცენტრირებული, თავისუფალი პროფესურის მიერ მომზადებული თავისუფალი ახალგაზრდობა (ერთ დროს ერთი პრემიერისგან „სატანისტებად“ მონათლული) კი ის რეალობაა, რომელშიც ავტოკრატია ვერ იხარებს; უნივერსიტეტი რომ ბაზართან მიბმის ადგილი არ არის, ეს საუკუნის წინ ივ. ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ დაარსებულმა უნივერსიტეტმა დაადასტურა. ის დაარსდა როგორც თბილისის უნივერსიტეტი, როგორც სამოქალაქო ინსტიტუცია, ფული და მიწები შესწირეს კერძო პირებმა და არა სახელმწიფომ, რადგან ასეთი არც არსებობდა; ხოლო თავად თავისუფალი უნივერსიტეტი მალევე გახდა თავისუფალი სახელმწიფოს ფუნდამენტი. წითელმა საბჭოეთმა შთანთქა როგორც საუნივერსიტეტო იდეა, ასევე მთლიანად ქონება – უნივერსიტეტი გახდა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. მისი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა გახდა ასეთი; მოკვდა ავტონომიურობა და განიდევნა აკადემიური თავისუფლება. ორი თავისუფალი რექტორის შემდგომ უნივერსიტეტს საბჭოეთმა „დაუნიშნა“ კომპარტიის რექტორები, მათ მიერვე დანიშნული 6 რექტორი ზედიზედ დახვრიტეს („ამაგი არ დაუფასეს…“). 1926 წლიდან მოყოლებული უნივერსიტეტის ქონება ეკუთვნოდა სახელმწიფოს, ერთგვარად მიტაცებული ჰქონდა… ამის მიუხედავად, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, საბჭოთა საქართველო ავითარებდა სამეცნიერო დარგებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ზრდიდა პროფილებს… გალილეო გალიეისავით ელოდებოდა დროს, როცა დაადასტურებდა, რომ ბრუნავს (აბა, ჯორდანო ბრუნო ხომ დაწვეს, ბრუნავსო, რომ ამბობდა…). ჩვენი მასწავლებლები იდეოლოგიური ჩარჩო-სამოსელის ქვეშ გვასწავლიდნენ ნამდვილ მეცნიერებას, იცოდნენ, სჯეროდათ, რომ ამ წითელ სამოსელს საქართველო მალე გაიხდიდა და მაშინ უნდა დავხვედროდით მზად ამ სამეცნიერო დარგების განვითარებას, უნდა გვქონოდა საფუძველი, უნდა აღვნიშნო, რომ მეცნიერების დონე საქართველოში ტოლს არ უგდებდა ევროპულ მეცნიერებას, მიუხედავად „რკინის ფარდისა“, მიუხედავად იმისა, რომ „ეშმაკი გალიფეში“ ეხატა ყველგან – კაბინეტში, ყელსახვევზე, კომკავშირის ნიშანზე, ქუჩებში, აღლუმებზე (ე.წ. პარადებზე)… ცოდნის შენახვა, ახალი ცოდნის გენერირება და, რაც მთავარია, თაობებისთვის გადაცემა იმ ავადსახსენებელი 70 წლის მანძილზეც კი არ იყო შეუძლებელი. ახლა კი დგება დრო, როცა რიგი დარგები, მათ შორის, სტრატეგიულადაც მნიშვნელოვანი, გაქრობის საფრთხის წინაშე დგება.
სახელმწიფოს მიერ განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარეობს ინტერვენცია გეოგრაფიული კონცენტრაციის, რესურსების ოპტიმიზაციის (3+1, 11 წელი სკოლაში -25%-იანი შემცირება დაფინანსებისა, ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში და სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული მიღება – კიდევ 25%-იანი შემცირება, კადრების შემცირებითა და 10 000-იანი ხელფასის დაპირებით) და სწავლის ხარისხის გაზრდის ცრუ დაპირებით, სწავლისა და კვლევის ინტეგრირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა მეცნიერების განვითარებაში იდება დიდი ინვესტიცია და როცა მეცნიერება არ არის იზოლირებული საერთაშორისო სამეცნიერო სისტემისაგან. სწავლებაში გრანტების სისტემის მოხსნა და უფასო განათლება თითქოს სიკეთეა, მაგრამ რეალურად ეს არის სწავლების შეზღუდვა ათასეულობით ახალგაზრდისათვის. სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაზრდასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ამგვარად, მთავარია ფული, აქტივები… აქტივებისადმი ინტერესი არ დაწყებულია მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს. სკოლები ამ მხრივ ნაკლებ საინტერესოა, მათ არა აქვთ ისეთი დიდი აქტივები, როგორც უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და სამეცნიერო ინსტიტუციებს, რომელთა „მექანიკური ქორწინება“ განახორციელა სწორედ წინა ხელისუფლებამ – მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტები თსუ-ს შემოუერთა. არც მას გაუვლია ამისთვის „კონსულტაციები“ არც ერთ ბენეფიციართან. ისიც სიკეთის სახელით მოქმედებდა. ხოლო ამ „სიკეთეს“ „უზრუნველყოფდა“ საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ; კერძოდ, ამ კანონში თავი XIV, მუხლი 84, მუხლი 85 ეხება სწორედ ქონებას.
ქონების მართვაში განმსაზღვრელია უმაღლესი დაწესებულების სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა (სსიპ-ი და ა(ა)იპ-ი) – მას განიხილავს მუხლი 84. მუხლი 85 კი განსაზღვრავს ქონებით სარგებლობის პრინციპებს; ოღონდ ეს პრინციპები არ არის იდენტური სსიპ-ი და ა(ა)იპ-ისათვის. ქონებით სარგებლობას, კერძოდ:
1. სსიპ-ისთვის შეძენას, გასხვისებას, იჯარით გადაცემას, ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ-ის წარმომადგენლობითი საბჭო განათლების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით;
2. ა(ა)იპ-ი კი ქონების სამართავად ქმნის განვითარების ფონდს; ა(ა)იპ-ის ქონების გასხვისებას სჭირდება რეგენტთა საბჭოს თანხმობა.
ცხადი ხდება, რომ ვერც კერძო სასწავლებელს დაარსებს ვინმე, თუ ხელისუფლების „კეთილგანწყობა“ არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ესაა საქართველოს რეალობა.
რატომ არის დაანონსებული რეფორმა ორიენტირებული ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე? იმიტომ, რომ სწორედ მათი ქონებაა კარგი საკბილო – ადვილად წასაღები ბიზნეს-ინტერესებისთვის. კანონმდებლობაც ამაზეა მორგებული. იკითხავთ, კი, მაგრამ ეს წარმომადგენლობითი საბჭოები თუ არ დაეთანხმება, როგორ წაიღებენო. კითხვა სწორია, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხია არაადეკვატური – წარმომადგენლობით საბჭოში ჩემი 8 წლიანი „მოღვაწეობის“ გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, წინააღმდეგობა არ მინახავს და თუ ოქმებში სადმე 1 წინააღმდეგ ხმას იპოვით (2006-2014), ის მე მეკუთვნის და ამას დღემდე ძალიან განვიცდი – ამგვარად, ჩემივე მონაწილეობით, წინააღმდეგობის მიუხედავად, ნელ-ნელა იკლებდა თსუ-ს ქონება, თითქოს შემოერთებული ინსტიტუტებით გამდიდრებული, ნელ-ნელა საბჭოს „თანხმობით“ იფრცქვნებოდა შაგრენის ტყავივით და ღარიბდებოდა და ღარიბდება დღესაც. ესაა პრობლემა – პასიური საბჭოები და არა ის, რომ კანონმდებლობაში ბევრი ხრიკია ჩადებული.
2007 წელს 9 თებერვალს წარმოდგენილი იყო თსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა (კამპუსი, სტუდქალაქი, ბიბლიოთეკები…) – ფრიად შთამბეჭდავი გეგმა იყო (იხ. შესაბამისი ოქმი – 9.02.2007); გეგმა გეგმად დარჩა. იმავე წელს თსუ-ს ფილიალების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია დაიგეგმა. წესდებაში ჩადებული ერთი მუხლის მიხედვით, წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიურ საბჭოს უნდა დასთანხმებოდა, წინააღმდეგობის უფლება აკრძალული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოქმში კიდევ 1 წინააღმდეგ ხმას იპოვით, თსუ-ს ფილიალების რეორგანიზაცია განხორციელდა და, უფრო მეტიც, არც ლიკვიდაცია ყოფილა დღის წესრიგის გარეშე – სიღნაღის ფილიალის ლიკვიდაცია განხორციელდა; ქონება მაშინ ვის მიჰქონდა? სახელმწიფოს, რომლისგანაც ეს ქონება დღეს კერძო ბიზნეს-სექტორშია. მაშინ მიზეზი იყო ის, რომ სიღნაღის ფილიალში კორუფციააო. ჰოდა, „ბავშვის ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს“, რა თქმა უნდა, მიზანი აქაც ქონება იყო და არა კორუფციის მოსპობა. რაც მაშინ გულს მიკლავდა, იყო ის მდუმარე, დამთანხმებელი აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები, რექტორი და ყველაზე მეტად საბჭოში 11 თვითმმართველობის სტუდენტი, რომელთა გულები ვერანაირად ვერ შეძრა ჩემმა მოწოდებამ, თხოვნა-მუდარამ, რომ ნუ მოუსპობდნენ რეგიონს განვითარების საშუალებას და მათს თანატოლებს საინგილოდან, პანკისიდან, კახეთიდან და ზოგჯერ დასავლეთის რეგიონებიდანაც კი სწავლის საშუალებას. (ოქმი #9, 26.06.2007); რაც შეეხება სწავლების ხარისხს – პირადად მე ისეთივე და უფრო მეტი მონდომებით ვკითხულობდი ამ ფილიალში ლექციას, როგორც თსუში. ასეთი იყო კედელი, ყრუ, პასიური და უგულო… ის სინდრომი გრძელდება დღესაც, მდუმარება არის ბოროტების თანაზიარი. არადა, დღეს გვესაუბრებიან რეგიონების განვითარებაზე და, კერძოდ, ქუთაისის განვითარებაზე. პარლამენტის იქ დარჩენა ხომ არ შეუწყობდა ხელს მის განვითარებას?
2009 წელს თსუ-ს წარმომადგენლობითმა საბჭომ მეცნიერებათა აკადემიიდან შემოერთებული ინსტიტუტები „შექმნა“ სამართლებრივად, გადმოიბარა ქონებაცა და მართვაც (ოქმი#19, 01.05.2009); მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ იმ ინსტიტუციების ჩამონათვალში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განსაკარგავად გადმოსცა თსუ-ს, არ იყო არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ცხადია, მისი ადგილმდებარეობისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით იგულისმებოდა მისი გასხვისება. თუმცა თსუ-ს მმართვის ორგანოები განაგებდა ამ ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – ქონება განსაკარგავად არ გადმოეცა თსუ-ს, მაგრამ აკადემიური საქმიანობის მართვა დაევალა. ასეთია სამართლებრივი კაზუსები, როცა დიდია აქტივებისადმი ინტერესი. მე ეს მაშინ, როცა საბჭოში ვიყავი, ვერც კი მივხვდი. იმავე სხდომაზე კომპანია „ჰერმესს“ გადაეცა 5837,08 კვ.მ. ფართობი, რომელიც უსასყიდლო უზურფრუქტით ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს… უნივერსიტეტმა მოახერხა თსუ-ს კორპუსის მიმდებარედ დაკარგული (უკვე დასაფლავებული იყო ადამიანები) ფართის სანაცვლოდ მიეღო იგივე ფართი, მაგრამ რამდენად იყო ეს ადეკვატური, რომ თსუ-ს მიწაზე სასაფლაო იყო გამართული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანია“ლოტოსმა“ ჯართის ფასად იყიდა სტუდქალაქის სამრეცხაო, სულ რაღაც 300 ლარად… ასევე პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ თსუ-ს V და III კორპუსების სამართლებრივი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მისი უნივერსიტეტისთვის უსასყიდლო უზურფქრუქტის ფორმით გადმოცემის მიზნით თსუ-მ 2010 წელს განახორციელა; 2000 წლიდან ამ კორპუსების მიწა მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა; ცხადია, აქაც ინტერესი იყო ქონების ხელში ჩაგდება ბიზნეს-ინტერესისთვის. ე.ი მიწა იყო მუნიციპალიტეტის, შენობებს კი იყენებდა თსუ. მიზანში იყო მათი ავარიულობით სარგებლობა და ბიზნეს-ინტერესები. (იხ. ოქმი # 26, 1.07.2010). ახლა ამით იმის თქმა მსურს, რომ აკადემიური სივრცეებისადმი ინტერესი სულ იკვეთებოდა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდგომ და მარტო ერთი ხელისუფლების ცოდვად ვერ მივიჩნევ, მაგრამ ახლა რაც ხდება, ზღვარგადასული აღებ-მიცემობაა სიკეთისა და უფასო განათლების საფარქვეშ.
2010 წელს კვლავ გრძელდებოდა თსუ-სთვის ქონების დარეგისტრირება. ერთ-ერთ სხდომაზე (ოქმი #29.04.2010) დღის წესრიგის გარეშე დავსვი საკითხი – „სხვადასხვა“, რომელშიც გავააქტიურე ტაბახმელის კომპლექსისა და სტუდქალაქის საკითხი. ტაბახმელაში თსუ-ს ჰქონდა შესანიშნავი კომპლექსი, სადაც 2006 წელს ჩვენ ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა პროფესორთა მომზადების საკითხი ბოლონიის პროცესთან აფილირებისათვის. არც ტაბახმელისა და არც სტუდქალაქის საკითხისათვის საბჭოს კენჭი არ უყრია, ვითხოვდი სპეციალური კომისიის შექმნას და საკითხის შესწავლას. შედეგი არ დამდგარა. იმავე წელს თსუ-მ ოფიციალურად შემოიერთა ფიზიკის ინსტიტუტი და მორფოლოგიის ისნტიტუტი, ასევე ქ. ქუთაისში ჯავახიშვილის ქ.#87-ში თსუ-ს ქონება; რა ბედი ეწია ქუთაისში ამ ქონებას, არ ვიცი, არ იძებნება. აკადემიის ინსტიტუტებთან ერთად თსუ-მ შემოიერთა უნივერსიტეტები – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი (ოქმი #32, 2010). შემოერთებული ინსტიტუტების ქონების გადმოცემა გრძელდებოდა 2011 წელსაც, მათ შორის იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი მელიქიშვილზე (ოქმი #34, 16.03.2011), სადაც დღეს სულ სხვა შენობაა აღმართული. მოკლედ, სტრატეგია ასეთია, თუ შენობა სარემონტოა, ან ავარიულია, ეს კარგი ნიადაგი იმისთვის, რომ მან დაკარგოს სასწავლო-სამეცნიერო ფუნქცია, უფრო ზუსტად, დაუკარგონ, რათა ეკონომიკისა და განათლების სამინისტრომ წარმომადგენლობითი საბჭოს თანხმობით „წაიღოს“ და ბიზნეს-ინტერესებს მოარგოს.
ხდებოდა ისეც, რომ თსუ-ს ქონება სხვა უნივერსიტეტს ან საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემოდა, მაგალითად, გეოფიზიკის ინსტიტუტის მოძრავი ქონება ილიას უნივერსიტეტს გადაეცა, ასევე თსუ-ს მოძრავი ქონება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს უსასყიდლოდ უვადოდ სარგებლობაში გადაეცა; ასევე „დელტას“ – თავდაცვის სამინისტროს გადავეცით უსარგებლო დანადგარები, მაგრამ არ ვიცი, რა სარგებელი ნახა ამით თსუ-მ (ოქმი#39, 14.12.2011). გადაცემა-გადმოცემის, აღებ-მიცემობის დირიჟორი ყოველთვის ზემდგომი იყო. ნეტავ, თვალით უნახავი 29 ჰექტარი მიწა ჯანდარაში, მართა თსუ-სი იყო? და თუ იყო, ახლა მასზე რომელი სარეველა ბიბინებს?
2012 წლიდან იჯარისა და ქონების გადაცემის წესი შეიცვალა, რადგან შეიცვალა თსუ-ს სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა (სსიპ-ი >>> ა(ა)იპ-ი). როგორც ჩანს, გადასაცემ-გადმოსაცემიც ბევრი აღარაფერი იყო, რადგან თსუ-ს ააიპ-ად ყოფნის წელიწადნახევარში ასეთი არაფერი მომხდარა. წესდების კვლავ ცვლილება ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე დადგა დღის წესრიგში, რადგან 2013 წელს მაშინდელი პრემიერის ერთ-ერთი უპირველესი ბრძანება #187 (2013 წლის 29 ივლისი) სწორედ უნივერსიტეტების სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის კვლავ შეცვლას, სსიპ-ად დაბრუნებას შეეხებოდა. ახალი მმართველი უპირატესად მიიჩნევდა, შეეზღუდა უნივერსიტეტების წელიწადნახევრიანი ნომინალური ავტონომია და კვლავ შეეცვალა წესდება სწორედ ქონების განკარგვის წესის შესაცვლელად კვლავ სსიპ-ად გარდაქმნით. ერთადერთი წინააღმდეგი, სამწუხაროდ, მაშინაც მე ვიყავი (ოქმი #5, 9 სექტემბერი, 2013). ოქმს თან ერთვის ჩემი საპროტესტო წერილი. ისეც მომხდარა, რომ წარმომადგენლობით საბჭოს უარი უთქვამს ქონების გასხვისებაზე, მაგალითად, მუნიციპალიტეტისათვის თსუ-ს მიწის გადაცემაზე (ოქმი #8, 27 დეკემბერი, 2013). მაგრამ უნივერსიტეტის ფარული წინააღმდეგობა ხელისუფლების გაცხადებულ ინტერესებს ნამდვილად ვერ გადააჭარბებდა და პრობლემამაც არ დაახანა – 2014 წლის იანვრიდანვე გააცხადეს, რომ სახელმწიფო თსუ-სთვის შემოერთებულ ინსტიტუტებს დაფინანსებას უწყვეტდა (ოქმი#1, 13 იანვარი, 2014)…
ახლა ნიმუშად განვიხილავ ერთი უნივერსიტეტის ერთი კორპუსის შესახებ დოკუმენტს და დასკვნის გამოტანა არ იქნება ძნელი – რაოდენ დიდია აქტივებისადმი დაინტერესება – თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი #3, 2025 წლის 10 ოქტომბერი – დღის წესრიგში მე-3 საკითხად შეტანილია ქ. თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 01.17.13.042.014), გარკვეული პირობებით, სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.
როგორც თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხილულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 5 სექტემბრის წერილით გამოგზავნილი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 4 სექტემბრის წერილი, რომლითაც მოთხოვნილია ქ. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემა (საკადასტრო კოდი 01.17.13.042.014) სახელმწიფოსთვის. აღნიშნა, რომ ამ უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე წარმომადგენლობითმა საბჭომ იმსჯელა 2024 წლის 18 მარტს (წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი #3) და მოიწონა შესაბამისი კომისიის რეკომენდაცია, ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მითითებული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ აღნიშნულის თაობაზე ეცნობა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს. სამინისტრო, თავისი მ.წ. 6 ოქტომბრის წერილით გამოხატავს პოზიციას, რომ სახელმწიფო, ქ. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 01.17.13.042.014) სახელმწიფოსათვის დათმობის სანაცვლოდ, სამომავლოდ უზრუნველყოფს უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობას. ამასთან, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გაგზავნილი წერილით დააფიქსირა პოზიცია, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებული დეტალური საკითხები (მიზნობრიობა, მოცულობა, დიზაინი, დაზუსტებული ლოკაცია და ა.შ.) განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ურთიერთშეთანხმებით. ამასთან, როგორც თსუს კანცლერმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე შეიქმნება სპეციალური კომისია/ჯგუფი, სადაც ასევე მათი სურვილისშესაბამისად ჩართული იქნებიან სენატის წარმომადგენლები. საკითხის ირგვლივ გაიმართა ხანგრძლივი მსჯელობა. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრმა გიორგი არქანიამ დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია წარმოდგენილ საკითხზე და დაინტერესდა რა გარანტია არსებობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს პირობა შესრულდება?! რატომ უნდა გადასცეს უნივერსიტეტმა მის საკუთრებაში არსებული შენობა სახელმწიფოს, შემდგომში მისი სეუ-სთვის გადაცემის მიზნით, მაშინ როდესაც უნივერსიტეტისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა (საერთო საცხოვრებელი, სასწავლო კორპუსი თუ სხვა) სახელმწიფოს ვალდებულებაა. მისი აზრით, უმჯებოსია ჯერ თსუმ მიიღოს თანხმობა და გარანტია სახელმწიფოსგან უნივერსიტეტის პირობების შესრულებზე და ამის შემდგომ დაისვას საკითხი კენჭისყრაზე. ასევე, გამომსვლელი დაინტერესდა ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობის საკითხით. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის თეა ქარჩავას განცხადებით, საჭიროა მეტი სიცხადე და დასაბუთებულობა საკითხის ირგვლივ. დაინტერესდა, არსებობს თუ არა რაიმე სხვა ალტერნატიული შემოთავაზება სახელმწიფოს მხრიდან?! მის შეკითხვაზე, არის თუა არა ეს შენობა ის ავარიული კორპუსი, რომლის გარკვეული პირობებით გასხვისებაზე სენატმა მოიწონა ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი კომისიის რეკომენდაცია, კანცლერმა, დადებითი პასუხი გასცა. წარმომადგენლობითი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ის წარმოადგენდა იმ კომისიას, რომელმაც ამ შენობის, გარკვეული პირობებით გასხვისების მიზანშეწინილობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. გამომსვლელმა გამოთქვა იმედი, რომ სახელმწიფო საიმედო პარტნიორი იქნება. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი კომისიის/ ჯგუფის შექმნა, რათა მკაფიოდ განისაზღვროს ყველა აუცილებელი ეტაპი/სტადია, საკითხის სწორად და თანმიმდევრულად გადაწყვეტისთვის. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრმა ნაზირა კაკულიამ ასევე ხაზი გაუსვა საკითხის განხილვაში მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობას, მათ შორის იურისტების მონაწილეობით. აღნიშნა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვანი გარანტორია. დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლობითი საბჭოს სხვა წევრებმა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სხდომის მონაწილეებს განუმარტა, რომ დღეს, სენატის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის ხელახლა გასაგზავნ წერილში კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ჩანაწერი – უნივერსიტეტის პოზიცია, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებული დეტალური საკითხები (მიზნობრიობა, მოცულობა, დიზაინი, დაზუსტებული ლოკაცია და ა.შ.) განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ურთიერთშეთანხმებით. ამასთან, წინადადებით მიმართა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს, გამოთქვან/წარმოადგინონ დამატებითი რეკომენდაციები და მოსაზრებები, რისი ასახვაც დამატებით სურთ სამინისტროსათვის გასაგზავნ წერილში. აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მიზანია, პოზიცია იყოს მკაფიო, ცხადი და არა ალტერნატივებზე დაფუძნებული. ამასთან კიდევ ერთხელ მოახსენა სხდომის მონაწილეებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილში დაფიქსირებულია, რომ სახელმწიფო, ქ. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის დათმობის სანაცვლოდ, სამომავლოდ უზრუნველყოფს უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობას. რაც შეეხება საკითხს, ახალი ადმინისტრატიული კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ გამარჯვებულ, დამპროექტებელ კომპანიას შეექმნა პრობლემა შესაბამისი საბჭოს მხრიდან თანხმობის მიღებასთან დაკავშირებით (უძრავი ქონების სტატუსიდან გამომდინარე).
საკითხთან დაკავშირებით გაიმართა კენჭისყრა: მომხრე: 47, წინააღმდეგი: 7
მიღებული გადაწყვეტილება: გაიცეს თანხმობა ქ. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 01.17.13.042.014) დადგენილი წესით, სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, სანაცვლოდ, უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობის პირობით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 18 მარტის #3 სხდომის ოქმით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. (დანართი 4).
ამგვარად, თსუ-მ თავისი საკუთრება გაასხვისა მომავლის იმედითა და გარანტიით, რომ განათლების სამინისტრო აუცილებლად აუშენებს თსუ-ს სტუდქალაქს – როდის, სად, რამხელას, რანაირს, რა პირობებით – არ წერია არსად და არ იცის არავინ, უბრალოდ, დაპირების სჯერათ და სამინისტრო მიაჩნიათ გარანტორად. ძალზე საინტერსოა, რომ წარმომადგენლობითმა საბჭომ გასული წლის (2024) 18 მარტს იმსჯელა და მოიწონა შესაბამისი კომისიის რეკომენდაცია შემდგომში ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მითითებული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით.
თსუ-მ აცნობა განათლების სამინისტროს 2025 წლის 6 ოქტომბერს და გამოხატა პოზიცია, რომ სახელმწიფო ქ. თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე მე-7 კორპუსის სანაცვლოდ სამომავლოდ სტუდენტთა საცხოვრებლისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს. ამგვარად, უნივერსიტეტი თავად იჩენს ინიციატივას, წაიღეთ ჩვენი კორპუსი და პირობებზე, დეტალებზე შემდგომში ვილაპარაკოთო. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე იყვნენ წინააღმდეგი წევრები. ითხოვდნენ საკითხის გადადებას, რათა სამინისტროს გარანტია მიეცა თსუ-სთვის და მერე დამდგარიყო კენჭისყრაზე. გამოიკვეთა, რომ მე-7 კორპუსით სეუ არის დაინტერესებული, არადა გასხვისება ხდება სახელმწიფოზე. იყო თუ არა სხვა ალტერნატივები, არავინ იცის… მოკლედ, თსუ ასხვისებს ქონებას ავანსად, დაპირებით (არც კი ყიდის), აძლევს სახელმწიფოს, რომლის უკან კერძო ბიზნეს-ინტერესია და ეს თუ რიგითმა მოქალაქემ შეიძლება იცოდეს, ეცოდინებოდა ადმინისტრაციასაც, მაგრამ, ქონების გასხვისება ვერ შეაჩერა ვერც 7-მა წინააღმდეგმა ხმამ და ვერც ვერანაირმა ზეციურმა ძალებმა. ადმინისტრაცია დაჰპირდა მოწინააღმდეგე წევრებს, რომ თუ ახლა მიიღებდნენ გასხვისებაზე დადებით გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ დააფიქსირებდა ჩანაწერში უნივერსიტეტის პოზიციას, რომ გასხვისების შემდეგ სამინისტროს მოსთხოვდა, რომ ახალ ინფრასტრუქტურათან დაკავშირებით დეტალურ საკითხებს (მიზნობრიობას, მოცულობას, დიზაინს, დაზუსტებულ ლოკაციას და ა.შ.) განიხილავდა და გადაწყვეტდა ურთიერთშეთანხმებით. ამ მიზნით წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებსაც მიმართეს – კიდევ რისი თხოვნა გსურთ სამინისტროსთვის, თქვენ მხოლოდ თქვით და ჩვენ წერილში შევიტანთო, ოღონდ ახლა განაცხადეთ თანხმობა გასხვისებაზეო. არავის უკითხავს – რატომ ასხვისებდა თსუ თავის კორპუსს ავანსად, ან სად იპოვიდა ამაზე უკეთეს ადგილს და განა სამინისტროს პრეროგატივაა არაა უნივერსიტეტისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა? ამისთვის ქონება უნდა გაუყიდოს? უფრო ზუსტად, ისე მოაწყოს საქმე, თითქოს იქით ვეხვეწებით, მოდით, ვასხვისებთ ჩვენს ქონებას თქვენზე და მერე რაც იქნება, ეს თქვენს სინდისზე იყოსო. აი, ამას დაეთანხმა წარმომადგენლობითი საბჭო.
ამავე სხდომის მომდევნო – მე-4 საკითხი იყო სსიპ ივ. ჯავახისვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტყის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიშზე) რიცხული აქტივების ჩამოწერა კონკრეტული ლოკაციების მიხედვით: პირველი სასწავლო კორპუსი (ადმინისტრატორი, ადმინისტრაცია); მეორე სასწავლო კორპუსი (იურიდიული ფაკულტეტი, ადმინისტრატორი, ადმინისტრაცია); მესამე სასწავლო კორპუსი; მეშვიდე სასწავლოკორპუსი; მეთერთმეტე სასწავლო კორპუსის (ადმინისტრატორი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი); პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხი, საქვაბე, სანტექნიკოსების, ელექტრიკოსების უბანი და სადურგლო; მეოთხე სასწავლო კორპუსიდა პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული გამომცემლობის ობიექტები; არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ტაბახმელის სასწავლო-საკონფერენციო ცენტრი; პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ჯამური უწყისის შესაბამისად, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული თსუ საკუთრება/სარგებლობაში არსებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების რაოდენობა შეადგენს: 874 ერთეულს – საბალანსო ღირებულებით 1172805,13 (ერთიმილიონ ას სამოცდათორმეტი ათას რვაას ხუთი ლარი 13 თეთრი) ლარი, ნარჩენიღირებულებით – 25315,14 (ოცდახუთი ათას სამას თხუთმეტი ლარი 14 თეთრი) ლარი.
საკითხი განხილულ იქნა მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც ითხოვს წარმომადგენლობითი საბჭოს თანხმობას ქონების ჩამოწერის და შემდგომში განკარგვის (განადგურების და ჯართის სახით რეალიზების) თაობაზე. საბჭო ერთხმად დაეთანხმა და მიიღეს გადაწყვეტილება – გაიცეს თანხმობა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიშზე) რიცხული ძირითადი აქტივების, დადგენილი წესით, ჩამოწერასა და შემდგომში მათ განკარგვაზე (დანართი 5); კანონის ფარგლებში ყველაფერი სწორია. მოქმედ კორპუსებში კონკრეტული ქონების ჩამოწერასთან ერთად ერთგვარი კამუფლაჟით განხორციელდა უკვე გასასხვისებლად გამზადებული ქონების – კორპუსების რიცხული აქტივების ჩამოწერა. თუ მითითებულია, პირველ და მეორე, ასევე მე-11 კორპუსებში რა უნდა უნდა ჩამოიწეროს, რიგი კორპუსების ქონება მთლიანად ექვემდებარება ჩამოწერას ანუ განკუთვნილია დასაცლელად, დაცლა კი წინაპირობაა მისი გასხვისებისათვის. ეს სხვა კი სამინისტროა, საბოლოო ინტერესი კი – ბიზნესს უკავშირდება. III, IV, VII კორპუსები მთლიანად დაიცლება. ასევე არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ტაბახმელის სასწავლო-საკონფერენციო ცენტრი; პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. ჩამოიწერება ასევე პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხი, საქვაბე, სანტექნიკოსების, ელექტრიკოსების უბანი და სადურგლო; პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული გამომცემლობის ობიექტები;
ამავე ოქმის მე-5 საკითხად განხილულია ყველა ზემოჩამოთვლილი უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული ობიექტის – ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიშზე) რიცხული აქტივების, ოღონდ უკვე მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერა, ლოკაციები იგივეა. ქონება, რა თქმა უნდა, აქაც „შეფასებულია“. საჭიროა წარმომადგენლობითი საბჭოს თანხმობა და ეს თანხმობა უგამონაკლისოდ არსებობს. ყველა ეს ობიექტი – აქტივები ჩამოწერილია.
მოკლედ, ამ ერთ სხდომაზე მაგალითად, მე-7 კორპუსი კიდეც გასხვისდა და კიდეც დაცლის ნებართვაც გაიცა. დაცლასთან დაკავშირებული ვანდალური ფაქტი საჯარო სივრცეში გაავრცელა ტელევიზიამ, სადაც ქეთევან დედოფლის 55-ში, ეზოში ეყარა დროებით მე-7 კორპუსში შეხიზნული მოხეტიალე ენათმეცნიერების ინსტიტუტის არქივის ნაწილი.
მავანი იტყვის – რეფორმა იმიტომ ტარდება, რომ განათლებისა და მეცნიერების ხარისხი უნდა გავზარდოთო. ასე თუ სურდათ, რა უშლიდა სამინისტროს ხელს, მის ბალანსზე რიცხული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დანგრეული შენობის ნაცვლად ქართული ენის სიყვარულით მაინც აეშენებინა ალტერნატიული შენობა, ისეთი, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს შეეფერება. ნურც ის დაგვავიწყდება, გასხვისების ავტორებო, რომ სამინისტრო წესდებით უნივერსიტეტის ზემდგომია (მუხლი 3); ჰოდა, თუ დარგებს ზღუდავს, ადგილებს ამცირებს, ფაკულტეტებს ხურავს და, საერთოდ, ისე ექცევა განათლებასა და მეცნიერებას, როგორც სურს, რა იმედი გაქვთ, რომ არ გეტყვით – ახლა თქვენ ეგ შეპირებული სასწავლო კორპუსი რაღაში გჭირდებათ, ან სტუდენტური საცხოვრებელი რად გინდათ, თუ მეათედსაც ვერ მიიღებთ არსებული კონტიგენტიდან; ფუნქციადაკარგული, ამორტიზებული, საშველად გამზადებული აქტივები სახელმწიფოს მხრიდან ნებადართული, „კანონიერი“ რეკეტის ობიექტებია ბიზნეს-ინტერესებისთვის ქარვასლად ქცეულ აკადემიურ სივრცეში. ამიტომ იყო „საჭირო“ 2013 წელს პრემიერის 187-ე ბრძანება, შემდგომ – აკადემიური სივრცის პოლიტიკურად მოტივირებული ხელმძღვანელები, ქონების მხოლოდ ნდობასა და სიტყვაზე გასხვისება, თუმცა თავადაც იციან – გამსხვისებელმაცა და მიმღებმაც – საბოლოო მიზანი.
მე მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის მაგალითზე ვიმსჯელე და ისიც ფრაგმენტულად. ხოლო თუ ამ მაზანდას მთელი სახელმწიფოს აკადემიურ სივრცეზე განვიხილავთ – შედეგი არის მომაკვდინებელი – განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ამაღლების სახელით გვექნება ამაღლებული, ტანწერწეტა ბიზნეს-შენობები ქალაქის შუაგულში აკადემიური სივრცისა და ტრადიციის სანაცვლოდ; მცირე და მორჩილი აკადემიური პერსონალი და ასევე მცირე რაოდენობა სტუდენტებისა ისეთი ინდოქტრინებული პროგრამებით, „რუსეთი რომ ჰუმანიტარია…“ ეს რეალობაში უკვე მოხდა. ასეთია რეფორმის დიქოტომია – მავნებლობა სიკეთის სანაცვლოდ.
წარმომადგენლობითი საბჭოების (მართვის სხვა ორგანოებთან ერთად) პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!
პროფ. ცირა ბარამიძე
15.12.2025

იტვირთბა....