საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო “რედისონში” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რადგანაც თავისუფლება მოვიპოვეთ, ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და სტაბილური განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს არის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ქვეყნის განვითარების ხედვა, ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა, გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში, სწრაფ წინსვლაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი გახლავთ ქვეყნის სივრცითი მოწყობა. სწორედ სივრცითი დაგეგმვა ქმნის თანამიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარ საფუძველს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმაში მთლიანად არის გათვალისწინებული საქართველოს, მისი თითოეული რეგიონისა და 2 ადგილის უნიკალურობა და პოტენციალი. ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, რათა ჩვენი რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
სივრცითი მოწყობის გეგმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ის სტრატეგიული და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც გაგვაცნობს დღეს მინისტრი. ჩვენ წარმოგიდგენთ 2017-2020 წლების განმავლობაში დაგეგმილი 2500 პროექტის სტრატეგიულ გეგმას, რაც გულისხმობს 1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციას, დამატებით 500 ათასი ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტას მთელ საქართველოში და კიდევ მრავალ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. ამ 2500 პროექტისთვის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციას ვახორციელებთ – 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული 3 პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წელს 1 მილიარდ 260 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო განხორციელდება.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, ვინც მხარში გვიდგას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას? ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს, ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს.
ეს მოგვიტანს ახალ 40 000 სამუშაო ადგილს. მეტ დასაქმებულს, მეტ შემოსავალს, უფრო ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას. ვფიქრობ, წარმოდგენილი დეტალური გეგმა ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი იქნება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რადგან პროექტები აბსოლუტური სიზუსტით არის გათვლილი და დროშია გაწერილი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, რომელიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა საქმეს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულდეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.