“თავისუფალი საქართველოს” პარტიის ახალქალაქის კომიტეტის თავმჯდომარე, მელიქ რაისიანი სუს-სა და შსს-ს შვილების აშოტ და კარლო რაისიანების გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რაისიანმა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს, ყოფილი პარლამენტარის, აშოტ რაისიანის შვილები ყოველგვარი ბრალდების და დაკავების პროცედურების გარეშე გაიტაცეს, შემდეგ კი ელექტროშოკით აწამეს.
მათი თქმით, ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ ჯერ მათ, ხოლო შემდეგ მათი ოჯახის წევრებს და ურჩევდნენ, რომ თუ საქართველოში მშვიდი ცხოვრება სურთ, “ჭკვიანად უნდა მოიქცნენ”.
“დაკავებული კარლოს რაისიანი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს ელექტოროშოკით. 2 აპრილს დაკავებულები წარუდგინეს სასამართლოს, რომელმაც სამართალდარღვევების არარსებობის გამო აშოტ რაისიანი გაამართლა, ხოლო კარლოს რაისიანი 250 ლარით დააჯარიმა. პოლიცია ორივე შემთხვევაში დაპატიმრებას ითხოვდა. დაკავებულებს დღემდე არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური განმარტება, თუ რა გახდა მათი დაკავების მიზეზი,” – განაცხადა კუკავამ.
როგორც მელიქ რაისიანი ამბობს, მისი ოჯახის წინააღმდეგ ძალოვან სტრუქტურებს პრეტენზიები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. ისინი სასამართლოს, შსს–ს, პროკურატურას, პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს, სახალხო დამცველს მიმართავენ, რათა სასწრაფოდ შეისწავლონ საქმე და დაისაჯონ დამნაშავეები. რაისიანი ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მელიქ რაისიანის ბრალდება აბსურდია, რადგანაც მათ უწყებას ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.