თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, უწყებაში გატარებული ოპტიმიზაციის ფარგლებში არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ გათავისუფლებულა და თანამშრომლები სამინისტროდან თავისი ნებით წავიდნენ. იზორიამ გაცემულ კომპენსაციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 209 ოფიცერზე 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გაიცა, რაც უორეცედენტოა:
„პირველ რიგში, გენშტაბით დავიწყეთ, შემდეგ შეირაღებული ძალებით. გენშტაბში იყო გარკვეულ მიმართულებებში რამდენიმე დეპარტამენტი და ვთქვით, რომ ეს დაგვეყვანა სტანდარტამდე – ყოფილიყო სამი დეპარტამენტი და თითოეული დეპარტამენტის ფარგლებში ორი ან სამი სამმართველო. ასევე, გავაკეთეთ შეიარაღებულ ძალებში. ვიცი, რომ კითხვები იქნება, ოპოზიციისგან ხშირად მსმენია ეს კრიტიკა, თითქოს ბრიგადებს ვშლით. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა – არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა გათავისუფლებული, ყველა სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს პოზიციას. ის, ვინც თავისი ნებით წავიდა შეიარაღებული ძალებიდან, მუშაობდა დაახლოებით 18-19 წელი და მეტი უკვე. ზოგი თავისი ნებით წავიდა, ხოლო ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და კომპენსაციები გავეცით, რაც უპრეცენდენტო იყო თავდაცვის უწყებაში. 209 ოფიცერზე 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გავეცით, რითაც დავაფასეთ მათი სტაჟი და დამსახურება ქვეყნის წინაშე. ამის ვალდებულება მინისტრს არ ჰქონდა. ზოგმა თქვა, თითქოს ჩვენ ვიღაცას ვაძალებდით ამ გადაწყვეტილების მიღებას. 153 იყო დამატებით მსურველი, ვისაც უნდოდა კომპენსაციის მიღება. ლოგიკურად როგორ შეიძლება დაძალების სურვილი ჰქონდეს კაცს და რიგში იდგე ამ „დაძალების“, – განაცხადა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.